ბრიტანეთში გამართულმა მოსმენამ ცხადყო, რომ ივანიშვილის დასანქცირება ისევ აქტუალურია - ოპოზიცია

09.01.26 11:36
ბრიტანეთში გამართულმა მოსმენამ ცხადყო, რომ ივანიშვილის დასანქცირება ისევ აქტუალურია - ოპოზიცია

დიდ ბრიტანეთში გამართულმა მოსმენამ ცხადყო, რომ ივანიშვილის და მისი ხელისუფლების სანქცირება დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის, - ასეთია ოპოზიციის შეფასება. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას თქმით, ის, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციები ივანიშვილისთვის მტკივნეული იქნება, ამას ბრიტანეთზე "ოცნების" წევრების თავდასხმებიც მოწმობს. 

ის, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი დიდ ბრიტანეთში, ამას თემთა პალატაში გამართული დებატებიც მოწმობს, ისევე როგორც პასუხებიც და ის, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციები საკმაოდ მტკივნეული იქნება ივანიშვილისთვის და მისი რეჟიმისთვის, ამას, მათ შორის, ივანიშვილის რეჟიმის მსახურების თავდასხმებიც მოწმობს დიდ ბრიტანეთზე. ამიტომ, ეს სანქციები რომ იქნება მტკივნეული და ეფექტური, მე ვფიქრობ, ამაში ეჭვი არავის ეპარება. აქ კითხვის ნიშნები დგას დროსთან  და მათ შორის, ამ სანქციების განმარტებასთან დაკავშირებით, - ამბობს თეონა აქუბარდია. 

ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენის შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა - საქართველო გამოიყენება როგორც ტრანზიტული მარშრუტი რუსული ნავთობისთვის და დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის, ხოლო ყულევის ნავთობტერმინალი და მასთან დაკავშირებული პირები პირდაპირ უკავშირდებიან რუსულ ოლიგარქიულ და სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ინტერესებს.

ყულევის ნავთობტერმინალი არის, სხვათაშორის, ძალიან მჭიდრო კავშირში გრუ-ს ოფიცრის შვილთან, გვახსოვს კარგად და რუსნეფტის შემოსული ნავთობი, რომელიც ეკუთვნის გუცირევს, სხვათაშორის, ეს არის ადამიანი, რომელმაც ივანიშვილისგან 2012 წლის ივლისში იყიდა უზარმაზარი კომპლექსი მოსკოვის ცენტრში და ივანიშვილი ვალშია ამ ადამიანთან, ნიშნავდა იმას, რომ საქართველო ძალიან აქტიურად ახორციელებს "ქართული ოცნების" ძალადობის და ქაოსის რეჟიმის მიერ სანქციების თავიდან აცილებას.

ასევე, მე მინდა, ყურადღება გავამახვილო "აი ფაქტის" გამოძიებაზე, თუ როგორ ხვდება სხვადასხვა ბაზრებზე საქართველოს გავლით რუსული ნავთობი. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ჩვენ ვიზრუნეთ, რომ ეს ინფომაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონოდათ აქტიურად, - ამბობს დეკანონიძე. 

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ საგანგებო მოსმენაზე ყურადღების ცენტრში მოექცა ყულევის ნავთობტერმინალი, რომლის საქმიანობაც, დეპუტატებისა და ექსპერტების შეფასებით, დაკავშირებულია რუსული ნავთობის საქართველოს გავლით გადაადგილებასთან და სანქციების გვერდის ავლის სქემებთან. განხილვისას ხაზგასმით აღინიშნა ობიექტის შესაძლო კავშირები რუსეთის სპეცსამსახურებთან და რუს ოლიგარქიულ ინტერესებთან, რაც, ბრიტანელი კანონმდებლების თქმით, სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე, ისე დასავლური სანქციების ეფექტიანობაზე.