გორდულაძე ირწმუნება, რომ ივანიშვილისთვის "მატერიალური და ფინანსური რესურსები მთავარი არ არის"
"ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩილ გორდულაძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის "მატერიალური და ფინანსური რესურსები მთავარი არ არის".
- ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში გუშინ, 8 იანვარს გამართულ სხდომაზე, ფილ ბრიკელმა საქართველოს შესახებ ისაუბრა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოწოდებით გამოვიდა.
არჩილ გორდულაძის თქმით, სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული აღნიშნული განცხადება "ღიმილისმომგვრელიც კი აღარაა და საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს".
არაერთი წელია, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები არსებობს. ეს შანტაჟის მექანიზმადაა გამოყენებული, რომ როგორმე ზეწოლა მოახდინონ იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იყოს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ეს სანქციები და შანტაჟის მექანიზმები არ მოქმედებს, ყველამ კარგად დაიმახსოვროს.
ჩვენი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარისთვის მატერიალური და ფინანსური რესურსები მთავარი არ არის - მთავარია, რა სჭირდება ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად, სანქციებთან დაკავშირებით ეს განცხადებები უბრალოდ ღიმილისმომგვრელიც კი აღარაა, საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. (შიფრი: "ტაბულა")