სისხლის სამართლებრივი დევნა ტროტუარზე დგომის გამო - გიორგი წულაიას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
სამოქალაქო აქტივისტს და "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს, გიორგი წულაიას ტროტუარზე დგომის გამო ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გიორგი წულაიას გუშინ შეატყობინეს, რომ "ტროტუარის" საქმეზე მის წინააღმდეგ მოსამართლემ საქმის წარმოება შეწყვიტა. სამოქალაქო აქტივისტს დადგენილება დღეს ჩაბარდა, რომლის მიხედვითაც, ვინაიდან ის 22 ოქტომბერს გზის გადაკეტვის ბრალდებით იყო დაკავებული, გიორგი წულაიას ტროტუარზე დგომა განმეორებით დანაშაულად ეთვლება და სისხლის სამართლის წესით გასამართლება ემუქრება.
ჩემი საქმის წარმოება შეწყვიტეს გუშინ. დღეს ჩავიბარე დადგენილება და მითხრეს, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა იმის გამო, რომ ეს საქმე შეიცვას სისხლის სამართლის ნიშნებს. ეს უკავშირდება იმას, რომ მე დაკავებული ვიყავი 22 ოქტომბერს გზის გადაკეტვის ბრალდებით და შესაბამისად ჩათვალეს და გააერთიანეს გზის გადაკეტვა და ტროტუარის, ერთ მუხლში გააერთიანეს, როგორც ეს ადვოკატებმა ამიხსნეს და არის განმეორება. შესაბამისად მემუქრება 1 წლამდე პატიმრობა. მზად ვარ ნებისმიერი, ვიცი, რომ სისტემას ნებისმიერ დროს შეუძლია ჩემი დაკავება და ამისთვის ვარ მზად.
ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ამ ქვეყანაში დაამყარონ საბოლოოდ ავტოკრატია. გააჩერონ განსხვავებულად მოაზროვნე და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, ამ ქვეყანაში სამუდამოდ ჩაახშონ პროტესტის ხმა," - ამბობს გიორგი წულაია.
ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განმარტებით ეს უფლებრივი გენოციდია, როდესაც ადამიანებს წაართვეს ყველა უფლება და აქციის მონაწილეები ტროტუარზე დგომისთვის შეიძლება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაუშვან.
სამართლებრივი ნონსენსი, სრული აბსურდი, სრული კონსტიტუციის დარღვევა, სრული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხვადასხვა განმარტებების დარღვევა, ევროპული კონვენციის დარღვევა. ეს ყველაფერი არის დარღვევა რასაც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს, რომ გააკეთოს, რომ ტროტუარზე დგომის გამო შეიძლება ადამიანი დაიჭიროს და მას ბრალი წაუყენოს, ეს არის ყველა უფლების დარღვევა, ეს არის უფლებრივი გენოციდი. ანუ, ეს არის ზუსტად უფლებრივი გენოციდი, როდესაც ადამიანებს წაართვეს ყველა უფლება და დღეს ტროტუარზე დგომის გამო შეიძლება ადამიანი გაუშვან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში," - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.