როგორი პოზიცია აქვთ "ოცნებაში" ირანში განვითარებული მოვლენებზე

10.01.26 17:32
როგორი პოზიცია აქვთ "ოცნებაში" ირანში განვითარებული მოვლენებზე

რას ფიქრობენ "ოცნებაში" ირანში განვითარებული მოვლენებზე? - ეს კითხვა დღეს "პირველებმა" ივანიშვილის გუნდის წევრებს დაუსვა.

"სოლიდარობას ვუცხადებთ სტაბილურობას მთელს მსოფლიოში" - ეს იყო გია ვოლსკის პასუხი, რის შემდეგაც მას "პირველების" ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძის ირანში, პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩასვლა გაახსენა. 

ვოლსკი ირწმუნება, რომ კობახიძის ირანში ჩასვლა პოლიტიკურ მოკავშირეობას არ ნიშნავს -  "არსებობს კონკრეტული ხედვა და ტრადიცია, რომელიც ითვალისწინებს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით დაშვებას, რომ ადამიანი ჩავიდეს მეორე ქვეყნის ლიდერის გასვენებაზე".

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საერთოდ სტაბილურობას რეგიონში და მსოფლიოში. ირაკლი კობახიძე თუ ჩავიდა იმ გასვენებაში თუ პანაშვიდზე, იქ სხვა ლიდერებიც იყვნენ, მათ შორის ევროპის ფავორიტებად წოდებული ლიდერები. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკური მოკავშირეები ვართ კონკრეტული ქვეყნის. მაგრამ არსებობს კონკრეტული ხედვა და ტრადიცია, რომელიც ითვალისწინებს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით დაშვებას, რომ ადამიანი ჩავიდეს მეორე ქვეყნის ლიდერის გასვენებაზე, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს, ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია", - აცხადებს გია ვოლსკი. 

ირანში მიმდინარე პროცესებზე საუბარს ერიდებოდა დღეს "ოცნების" კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ჭეიშვილი.

ჯერ ვნახოთ, როგორ დალაგდება კონფლიქტი.... შეიძლება ხვალ ელაპარაკება ისევ აშშ ირანის ხელისუფლებას, მერე მოგიბრუნდეთ კითხვით? - უთხრა ჭეიშვილმა "პირველებს" 

"ჯერ ვნახოთ, როგორ დალაგდება კონფლიქტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ვადევნებთ ჩვენ თვალს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებასაც, მათ შორის, თუ რას აკეთებს ირანის ხელისუფლება და ვნახოთ... შეიძლება ხვალ ელაპარაკება ისევ აშშ ირანის ხელისუფლებას, მერე მოგიბრუნდეთ კითხვით?.. ბევრ რამეზე არის დამოკიდებული ეს პროცესი და მე დღეს რანაირად უნდა გიპასუხოთ ხვალ რას გავაკეთებთ საქართველოს ხელისუფლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში?" - ამბობს ოცნების წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ირანში მიმდინარე მოვლენებთან.

Sky News-ის ინფორმაციით, ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვმა 65-ს მიაღწია.

გარდაცვლილთა რაოდენობის უმეტესობა თეირანის გარეთ, პროვინციებში დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 38 გარდაცვლილით ჩჰარმაჰალსა და ბახტიარიში, ილამში, კერმანშაჰსა და ფარსშია.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებების აქტივისტები ირანში“, საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, დაღუპულებს შორის 50 დემონსტრანტი და ირანის უსაფრთხოების ძალების 15 თანამშრომელია.

ამ ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აღმოსავლეთ ირანში, ტაბასის უდაბნოში მდებარე შორეულ მიწისქვეშა სამალავში გადაიყვანა.  

ირანის 108 ქალაქში პროტესტი ამ დრომდე გრძელდება. გავცრელებული ინფორმაციით, დემონსტრაციებზე უსაფრთხოების ძალებმა 2311 ადამიანი დააკავეს.