რეგიონებში ცხოვრება ისევ გაძვირდა
კობახიძის დაანონსებული ბრძოლა გაძვირებული ცხოვრების წინააღმდეგ, მოქალაქეების ჯიბეზე ჯერ არ ასახულა. მარკეტებსა და ბაზრებში პროდუქტები ისევ ძვირდება. არადა ხალხს იმედი ჰქონდა, ახალი წლის მერე მაინც იგრძნობდნენ შვებას, მაგრამ შეცდნენ. მოსახლეობას ისევ გაზრდილი ფასის გადახდა უწევს და უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ხალხი უფრო და უფრო ღარიბდება.
ფასები გაზრდილია ყველაფერზე, მათ შორის პურზეც, რომელიც 10 თეთრით გაძვირდა, კვერცხის ფასმა 20 თეთრით მოიმატა, ზეთი, ხორცი, ყველი ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დახლებზე მომხმარებლებს ახალი წლის შემდეგ ისევ გაძვირებული დახვდათ.
რატომ ღირს ძვირი სურსათი ?- ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სურსათის ფასების სამთავრობო კომისია უკვე შექმნილია, თუმცა ვიდრე კობახიძე და მდინარაძე დაანონსებულ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს, მოსახლეობას აინტერესებს, თუ ფასები იმპორტირებულ პროდუქტებზე ხელოვნურად იზრდება, მაშინ რატომ ღირს თითქმის ორმაგი შარშანდელთან შედარებით ადგილობრივი წარმოების პროდუქციაც კი.