რუსული გაზი საქართველოში - ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს

13.01.26 15:48
რუსული გაზი საქართველოში - ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს

ფაქტს, რომ საქართველო რუსულ გაზზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საფრთხედ მიიჩნევენ. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რომელსაც საჭირო მომენტში იაღარად გამოიყენებს, ეს კი საქართველოსთვის საფრთხის შემცველია. 

რუსეთთან დამოკიდებულების გაზრდა არის სახიფათო ნებისმიერი მიმართულებით, ეს იქნება პროდუქტი, ეს იქნება ნავთობპროდუქტები, ენერგორესურსები თუ ა.შ. სრულიად ცივილიზებული სამყაროა, ევროპა, მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაშორდეს რუსეთს გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ენერგორესურსებს იყენებს კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა არ არის რუსეთთან დაშორება, პირიქით, პოლიტიკა არის მასთან დაახლოება. ის, რომ ენერგორესურსების მიმართულებით გარკვეულად ჩვენი დამოკიდებულება გაიზრდება, რა თქმა უნდა, ამ იარაღს გამოიყენებს მისი პოლიტიკური მიზნებისთვის და მისი პოლიტიკური მიზნები საქართველოს კეთილდღეობას არ ემსახურება, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

ამავე აზრს იზიარებს ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველიც. მისი თქმით, რუსეთის საქართველოში საკუთარი გავლენების გაძლიერებას ცდილობს, "ოცნების" ხელისუფლება კი მას ამაში ეხმარება.

აქ ხომ არ არის მარტო საუბარი, რომ ახლა 40%-ით არის გაზრდილი გაზის მიღება რუსეთიდან. აქ არის საუბარი იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა ბიზნესი, რაც შეიძლება, საინტერესო იყოს და წარმატება შეიძლება, ვინმემ მოიპოვოს საქართველოში, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რუსების ჩართულობა იყოს ამ ყველაფერში. მიზანი რუსეთის, როცა ივანიშვილი მოავლინა ჩვენს ქვეყანაში და ფაქტობრივად ე.წ. არჩევნების გზით მოიყვანა ჩვენს ქვეყანაში, თავიდან იყო ის, რომ მისი გავლენები გაძლიერებულიყო და ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ამას იგივე გაზთან მიმართებაში. რაც უჭირს რუსეთს, ეხმარება საქართველოს ხელისუფლება, - ამბობს გიორგი ბოტკოველი.  

საქართველო რუსულ გაზზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსული გაზის მიწოდება ჩვენს ქვეყნაში 40.4 %-ით გაიზარდა. მონაცემებს რუსული "გაზპრომი" აქვეყნებს. 

რუსულმა ენერგოგიგანტმა საკუთარ Telegram-არხზე ასევე დაწერა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში, გაზის მიწოდება 22.2%-ით გაზარდა. მან ასევე აღნიშნა, რომ „აგრძელებს ახლო საზღვარგარეთში გაზის საიმედო მიწოდებას“.