"ოცნება" საკუთარ ამომრჩეველს "იდიოტებად" თვლის - სამადაშვილი

14.01.26 11:12
"ოცნება" საკუთარ ამომრჩეველს "იდიოტებად" თვლის - სამადაშვილი

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის ტროლებისა და პროპაგანდისტული მექანიზმების გამოყენებას ეყრდნობა, რასაც, მისი თქმით, ადასტურებს ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო ნარატივის მკვეთრი ცვლილებაც.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ოცნება" როგორც ჩანს, საკუთარ ამომრჩევლებს "იდიოტებად" მიიჩნევს, რასაც საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს. 

"ქართული ოცნება", პირველ რიგში, საკუთარ მომხრეებს, ვფიქრობ, თვლის იდიოტებად. მიაჩნია, რომ ტროლ-ბოტების ქარხანამ შეუძლია, მათ შეასარაოს ნებისმიერი პროპაგანდა და რაც მთავარია, ერთი და იგივე ხალხმა შეიძლება, გუშინ გიმტკიცოთ, რომ ღარიბაშვილი არის ქვეყნის პატრიოტი და არ ვიცი, გადამრჩენელი, გავიხსენოთ მისი პიარი იგივე, როცა საკითხი შეეხებოდა დავით გარეჯს და ა.შ.,  დღეს იგივე ხალხი და ტროლ-ბოტები უმტკიცებენ ისევ "ქართული ოცნების" ამომრჩევლებს, რომ ეს კაცი, რეალურად, ყოფილა თურმე კორუპირებული და დამნაშავე. დროა, "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა პასუხი გასცეს ამას და უთხრან ამ პარტიას და დაუმტკიცონ, რომ ისინი არ არიან იდიოტები, - ამბობს სამადაშვილი. 

 

„მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, სახელისუფლებო მედია დაკავებული ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავების მიმართ ტროლის მიერ გავრცელებულ მიმართვას იყენებდა. ორგანიზაციის ცნობით, 13 იანვარს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა გამოაქვეყნეს ექიმ ნათია თოფურიას სახელით გავრცელებული ტექსტი, თუმცა „მითების დეტექტორმა“ დაადგინა, რომ აღნიშნული ანგარიში ტროლია, ხოლო გამოყენებული ფოტოები სხვა ადამიანებს — ნათია დვალსა და ქსენია კოვალენკოს ეკუთვნით, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ იციან, ვინ იყენებს მათ ფოტოებს სანდოობის შესაქმნელად.