"ოცნების" დეპუტატების კავშირები ბიზნესთან, სახელმწიფო შესყიდვები და პარტიული შემოწირულობები - TI-ის კვლევა

21.01.26 12:05
"ოცნების" დეპუტატების კავშირები ბიზნესთან, სახელმწიფო შესყიდვები და პარტიული შემოწირულობები - TI-ის კვლევა

"საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველო" ქართული ოცნების დეპუტატების ბიზნესთან კავშირების, სახელმწიფო შესყიდვებისა და პარტიული შემოწირულობების შესახებ კვლევას აქვეყნებს. 

ირკვევა, რომ 87 დეპუტატიდან 41-ს აქვს ბიზნესთან კავშირი - აქედან შემოსავლის შესახებ დეკლარაციაში უთითებს 17.

საანგარიშო პერიოდში ბოლოს წარდგენილი დეკლარაციების შესაბამისად, ბიზნესებიდან მილიონი ლარი და მეტი შემოსავალი მიღებული აქვთ შემდეგ დეპუტატებს:

  • ანტონ ობოლაშვილი 4 860 828,41 ლარი
  • ბერეკაშვილი შოთა 4 712 134,18 ლარი
  • ჭყონია გიორგი - 4 373 744,02 ლარი
  • ზაალ დუგლაძე 1 470 979,19 ლარი
  • ბარვენაშვილი გიორგი  1 033 008,48 ლარი
  • ლაშა ტალახაძე  - 680 000 USD (დეკლარაციაში თანხა დოლარში აქვს მითითებული)
  • ყველაზე მეტ კომპანიაში წილი აქვს ვასილ ჩიგოგიძეს (21 კომპანია).

5 -ზე მეტი კომპანიის[4] მეწილეები არიან შემდეგი დეპუტატები:

  • ვასილ ჩიგოგიძე - 21
  • გიორგი ჭყონია - 20
  • გიორგი ბარვენაშვილი - 11
  • ბეჟან წაქაძე - 8
  • ზაალ დუგლაძე 7
  • გიორგი ხახუბია - 6
  • ირაკლი კირცხალია - 6

რაც შეეხება ტენდერებს, 7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვს 271 ტენდერი -  465,900,569 ლარის ოდენობის. 

13 კომპანიას კი, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მიღებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა - ჯამში 7 736 986 ლარის ოდენობის. 

რაც შეეხება ქართული ოცნების მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრების პარტიული შეწირულობებს - მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან შეწირული აქვთ 2 738 586 ლარი, აქედან: 66 500 ნაციონალურ მოძრაობას, 39 000 ხალხის ძალას, ხოლო 2 633 086 ლარი ქართულ ოცნებას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს (სალომე ზურაბიშვილი).

მე-11 მოწვევის ოცნების პარლამენტის დეპუტატებიდან ორმა 2012 წელს იმჟამინდელ სახელისუფლებო პარტიას ერთიან ნაციონალ მოძრაობას შეწირეს თანხა, კერძოდ გოჩა ენუქიძემ - 60 000 ლარი, ანზორ ბოლქვაძემ - 6 500 ლარი. ხოლო პარტია ხალხის ძალას ორმა დეპუტატმა შესწირა თანხა, კერძოდ ვიქტორ ჯაფარიძემ 38 000 ლარი, და გურამ მაჭარაშვილმა 1000 ლარი.

კვლევა ეყრდნობა საჯაროდ არსებულ წყაროებს. კვლევაში არსებული მონაცემები არის 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით და მოიცავს იმ დეპუტატების მონაცემებს (87 დეპუტატი), რომლებიც ამ დროისათვის მონაწილეობდნენ პარლამენტის საქმიანობაში.

  • კვლევაში განხილულია პარლამენტის წევრების ბიზნეს კავშირები (წილები კომპანიებში), გამარტივებულ შესყიდვებსა და ტენდერებში დეპუტატების კომპანიების მონაწილეობა, წინასაარჩევნოდ დეპუტატების მიერ განხორციელებული პოლიტიკური დონაციები.