საქართველოს ხელისუფლებაში არიან კრიმინალები - მარკეტა გრეგოროვა
ხალხის სავარაუდო მოწმავლის სკანდალი - 20-მდე ევროდეპუტატი აპირებს, ევროკომისიას საგანგებო წერილით მიმართოს, სადაც ითხოვენ, დადგენას რა ნივთიერებები გამოიყენეს ერთი წლის წინ, დემონსტრანტების წინააღმდეგ.
პარლამენტარები სხვადასხვა ევროპული პოლიტიკური ჯგუფიდან ამბობენ, რომ "საქართველოს ხელისუფლებაში არიან კრიმინალები" და მათ დასავლეთი სათანადო ენით უნდა ელაპარაკოს.
ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა, რომელიც დოკუმენტზე ხელმომწერია, "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ევროკომისიის მხრიდან ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების ამბავზე არ იყო საკმარისად ძლიერი რეაქცია.
- თუ საკმარის ზეწოლას მოვახდენთ ინსტიტუტებზე, რომლებსაც შეუძლიათ ქიმიური მოწამვლის საქმის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მაშინ მე ძალიან რეალისტურად მიმაჩნია ამ ამბის საერთაშორისო გამოძიება - ამბობს გრეგოროვა.
ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წერილია, რადგან არის პირველი ფორმალური მიმართვა, რომელიც ითხოვს მთავრობის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სავარაუდო აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენების შესწავლას. ეს რა თქმა უნდა სრულად მიუღებელია, ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო შეთანხმებას და კონვენციას. ვფიქრობ, ევროკომისიის მხრიდან ამ ამბავზე არ იყო საკმარისად ძლიერი რეაქცია, ამიტომ ჩვენ უნდა გავიგოთ, რა ხდება და რა თქმა უნდა შესაბამისად მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა სანქციები და ასევე მაგალითად მე მაქვს კითხვა ევროკომისიასთან რა ბედი ელის საქართველოს კანდიდატის სტატუსს. რადგან თუ ჩვენ საქართველოს ამ სტატუსს ისევ ვუნარჩუნებთ, მანამ სანამ თქვენს ქვეყანაში ასეთი ამბები ხდება, ეს არ ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს. ეს იქნება ჩვენი მხრიდან დემონსტრირება, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს და ამისთვის შესაბამისი რეპუტაციული ფასი არ გადაიხადოს.
თუ საკმარის ზეწოლას მოვახდენთ ინსტიტუტებზე, რომლებსაც შეუძლიათ ქიმიური მოწამვლის საქმის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მაშინ მე ძალიან რეალისტურად მიმაჩნია ამ ამბის საერთაშორისო გამოძიება. არსებობს უამრავი მტკიცებულება. არის ხალხი, ვისაც საკუთარ მაგალითზე შეუძლია ჩვენების მიცემა. ჩვენ ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ, რადგან საჭიროა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ამ ბრალდებებზე.
მე წევრი ქვეყნების მხრიდან მიზანმიმართული, პერსონალური სანქციების დაწესების მომხრე ვარ. იცით რომ ამ ნაბიჯს ევროპარლამენტის დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც ჩვენ რეზოლუციებით გამოვხატეთ. ჩვენ ვამბობთ რომ აუცილებელია სანქციები. ამიტომ აქ მთავრი გამოწვევა წევრი ქვეყნები არიან. როგორც ბალტიის ქვეყნებმა გვაჩვენეს, უნგრეთისთვის მოცდა საჭირო არ არის სანქციების დასაწესებლად. ინდივიდუალურად ქვეყნებს შეუძლიათ პერსონალური სანქციების დაწესება ოცნების ხელისუფლებისთვის, რადგან საბოლოოდ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს აქვთ ფინანსური აქტივები ევროპაში, მათ აქ აქვთ ვილები, შენახული ფული ჩვენს ბანკებში. ევროპის უნივერსიტეტებში სასწავლებლად ჰყავთ გამოშვებული თავისი შვილები და იღებენ ყველა ევროპულ სიკეთეს, მანამ სანამ ამ კრიმინალს სჩადიან. სწორედ ამიტომ ინდივიდუალურმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ. ჩვენ ასეთი ნაბიჯი ვნახეთ რუსეთთან მიმართებით და იმედს გამოვთქვამ რომ იგივე გავრცელდება საქართველოს ოფიციალურ პირებზეც.
რაც შეეხებათ პოლიტიკურ პატიმრებს, მათი ციხეში ყოფნა ყველაზე კარგად ასახავს რამდენად მძიმეა ვითარება საქართველოში. არსებობს მოწოდებები პატიმრების გათავისუფლებაზე, იმისთვის მაინც რომ შეინარჩუნოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი, თუმცა საქართველოს მთავრობა ამას არა აკეთებს. რაც იმას ნიშნავს რომ ისინი სრულად გადასული არიან ევროპული გზიდან. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას რომ ფაქტობრივად აღარ არსებობს სივრცე თანამშრომლობისთვის. ამ ადამიანების ნაწილი კრიმინალია და ჩვენ ამ საკითხს ასე უნდა მივუდგეთ, რომ საქართველოს ოფიციალური პირები, და არა საქართველოს მოქალაქეები, ადგანან რუსეთის გზას. ამტკიცებენ რომ ევროპა მტერია და ასეთ სცენარში არ არსებობს ფაქტობრივად გზა რომ ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმიტომ არა რომ ამ სტატუსს საქართველოს მოქალაქეები არ იმსახურებენ, ისინი ამას რა თქმა უნდა იმსახურებენ და ყოველდღიურად ამტკიცებენ. თუმცა ეს ის ნაბიჯია რაც ევროპამ უნდა გადადგას, კანდიდატის სტატუსის ნაცვლად უნდა გაზარდოს დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. რაც შეეხებათ ოფიციალურ პირებს, ვგულისხმობ კაია კალასს და მარტა კოსს, ისინი უნდა ჩავიდნენ საქართველოში და შეხვდნენ მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ქუჩაში მდგომ პროტესტის მონაწილეებს და არა მთავრობის რომელიმე წევრს. აი ასე უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ", - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.
ევროკომისიის პრეზიდენტი ივანიშვილის პარტიას სანქციებს უანონსებს. ურსულა ფონ დენ ლაიენი ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ ვრცელ წერილში პირდაპირ წერს, რომ ევროსტრუქტრებთან იმ პირების დასასანქცირებლად, ვინც საქართველოში ადამიანების მასობრივ წამებასა და ტერორში მონაწილეობდა, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.