შეხვედრა ფასების თემაზე - ცნობილია, რაზე ისაუბრა კობახიძემ სასურსათო ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან

21.01.26 17:07
შეხვედრა ფასების თემაზე - ცნობილია, რაზე ისაუბრა კობახიძემ სასურსათო ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან

ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა - სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო კომისიის სხდომას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, კობახიძემ თქვა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან.

ითქვა, რომ კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც.

კობახიძის თქმით, "ბიზნესის თავისუფლება არის მთავრობის მთავარი ამოსავალი წერტილი, თუმცა პროცესში სოციალური ასპექტის გათვალისწინებაც აუცილებელია":

„ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბიზნესი თავისუფალია და თავისუფლად აწარმოებს თავის საქმიანობას, ეს ეხმარება ეკონომიკას, დასაქმებას ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად მძიმე სოციალური ტვირთი შემოდის მოსახლეობისთვის, რომ გადავწყვიტეთ, კონსულტაციების საფუძველზე გვეცადა გარკვეული ცვლილებების შეტანა მთლიანად საერთო სურათში. რეალურად არის შემთხვევები, სადაც ორმაგი, სამმაგიც კი არის სხვაობა ფასებს შორის. თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება გარკვეული პრაქტიკები შეიცვალოს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ფასების დაწევა. მთლიანობაში ჯამური საშუალო ფასნამატი ჩვენი დაანგარიშებით შეადგენს 86 პროცენტს. ვფიქრობთ, ფასნამატი 86% საკმაოდ მაღალია. ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში - 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქსელური მარკეტების მფლობელები ამბობენ, რომ ფასები პროდუქტებზე ხელოვნურად არ იზრდება და რომ  უახლოეს დღეებში ე.წ. კომისიას  დოკუმენტებს მიაწვდიან. 

შეხვედრას კობახიძესთან ერთად  მისი მინისტრთა კაბინეტის და კონკურენციის სააგენტოს  წევრებიც ესწრებოდნენ. 

ჩატარდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, გავშალეთ ციფრები, მიზეზშედეგობრივი კავშირები... ყველა, აბსოლუტურად გამჭვირვალედ არის მზად, რომ ნებისმიერი ციფრი გაიაროს უკვე ინდივიდუალურ რეჟიმშიც, ჯგუფურ რეჟიმშიც, ესეთი შეხვედრები გაგრძელდება... შემდეგ გაირკვევა ზუსტად, საიდან მოდის ეს ყველაფერი... დღესაც გაჟღერდა, რომ აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება და სახელმწიფოც თავისი მხრიდან მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს. რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში... ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით... ჩვენ როცა ვედარებით ევროპას, ისინი იქ 10 და 15 წლით წინ არიან ჩვენზე, წარმოებაც ადგილობრივი აქვთ და ა.შ. ეს არის ბუნებრივი პროცესი, კონკურენცია ძალიან მაღალია, სექტორი კარგად ვითარდება, კარგი რეგიონალური ექსპანსია აქვს, შესაბამისად ყველაფერს სჭირდება დრო... ეს გამოვლინდება შეხვედრების შედეგად [ფასების ზრდა არის თუ არა ხელოვნური] როგორი იყო ეს ციფრი, რეალისტური თუ არარეალისტური" - თქვა „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სოფიო ქაშაკაშვილმა კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.