ახალი არჩევნები და ახალი პოლიტიკური ძალები - რას ამბობენ ოპოზიციაში

21.01.26 18:44
ახალი არჩევნები და ახალი პოლიტიკური ძალები - რას ამბობენ ოპოზიციაში

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბშვილის გზავნისლის შემდეგ პოლიტიკურ პარტიებში განწყობები განსხვავებულია.  მთავარი რაზეც ოპოზიციაში თანხმდებიან ახალი სამართლიანი, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა და კოორდინაციის საჭიროებაა. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, არსებობს სხვადასხვა ტიპის ფორმატები, რომელშიც პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ირებს მონაწილეობას და მათ მუდმივად აქვთ საუბარი. 

მუდმივად გვაქვს საუბარი, იცით, რომ სხვადასხვა ტიპის ფორმატებიც არსებობს და ზოგ ფორმატში ასევე არიან სამოქალაქო აქტორები იმიტომ, რომ მიმაჩნია, ზოგადად მათი თანამონაწილეობა ნებისმიერ გაერთიანებაში ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც არიან პოლიტიკური პარტიები და ა.შ.. ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. ეს უსასრულოდ არ უნდა გაგრძელდეს და ძალიან მინდა, რომ რაღაც მომენტში ამან შედეგი გამოიღოს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ყველას ძალისხმევა მიმართულია სწორედ ამისკენ, რომ პარტიები რეაგირების რეჟიმში კი არ ვიყოთ, იქნება ეს "ნაციონალური მოძრაობა", თუ ნებისმიერი სხვა პარტია, ჩვენ უნდა ვახერხებდეთ ადამიანების იმგვარ მობილიზაციას, რომ ჩვენ განვსაზღვროთ პოლიტიკური ცხოვრება და ამას შევძლებთ იმ შემთხვევაში, თუ იქნება მეტი კოორდინაცია, მეტი ერთიანობა, მეტი თანამშრომლობა," - ამბობს თინა ბოკუჩავა.

პარტია "თავისუფლების მოედნის" თავმჯდომარე, ლევან ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების უმრავლესობა მთელ რიგ საკითხებზე ერთიანია. 

მთელ რიგ საკითხებზე ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დიდი უმრავლესობა ერთიანია, მაგალითად იმ პოლიტიკური მოთხოვნების გარშემო, რომელიც არის დაყენებული, იქნება ეს პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, თუ იქნება ეს ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა. რაც შეეხება იმას, ამისთვის მზად ვართ თუ არა, ჩვენ ვითხოვთ თუ "ქართული ოცნება" რაღაც მომენტში გადაწყვეტს, რომ არჩევნები დანიშნოს, ჩვენ ვითხოვთ იმას, მთელი ეს წინააღმდეგობა, მათ შორის ოპოზიციური პარტიები, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და "ქართულ ოცნებას" მოუწევს ამ არჩევნების დანიშვნა აუცილებლად და როდესაც მას მოუწევს ახალი არჩევნების დანიშვნა, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ ძალიან ლოგიკური დასასრული ექნება ამ არჩევნებს," - თქვა ლევან ცუცქირიძემ.

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნებია. გრიგოლ გეგელიას თქმით ეს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი დანერგილი პრაქტიკაა პოლიტიკური კრიზისების მოსაგვარებლად. 

რასაკვირველია, ახალი საპარლამენტო არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი არსებული კრიზისიდან და ეს ასე არის არა მარტო აქ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი პოლიტიკური კრიზისებიდან ერთ-ერთი გამოსავალი არის ხოლმე ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამიტომაც, ეს არის ის აბსოლუტური მინიმუმი, რომლის გარეშეც ჩვენ ქვეყანაში ვერ მივიღებთ სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას და ვერ აღვადგენთ ამ ქვეყნის სრულად შეჩერებულ ევროინტეგრაციის კურსს," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.