ახალი არჩევნები კრიზისის დასაძლევად - ვის აქვს შანსი შეცვალოს ივანიშვილის "ოცნება"?

21.01.26 20:59
ახალი არჩევნები კრიზისის დასაძლევად - ვის აქვს შანსი შეცვალოს ივანიშვილის "ოცნება"?

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში ვერაფერი გადაჭრის ახალი საპარლამენტო არჩევნების გარდა. სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება "ქართულ ოცნებას" მაინც მოუწევს, თუმცა არსებული რეალობა გამოწვევაა ოპოზიციისთვისაც. ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ცვლილების მოტანა ახალ პარტიებს შეუძლიათ, რადგან მათზე მოთხოვნა საზოგადოებაში უფრო მატულობს.  

არის თუ არა მზად არსებული პოლიტიკური კლასი ახალი არჩევნებისთვის - კითხვა ოპოზიციურ პარტიებში დავსვით. ნაციონალური მოძრაობისთვის ახლა მთავარი კოორდინაციის გაძლიერებაა. პარტიის ლიდერი გვეუბნება, რომ სხვებთან საუბრობს და მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმშია, თუმცა საერთო სტრატეგიის შემუშავება ჭიანურდება. ამ პარტიაში საუბრობენ ტრანსფორმაციაზეც, თუმცა ლიდერს შესაძლო ცვლილებებზე არაფერი უთქვამს.

თავისუფლების მოედანს გარდამავალ ეტაპზე გადასასვლელად საკუთარი გეგმა აქვს. ამ დოკუმენტში პარტიამ ის მთავარი პირობები ჩამოწერა, რომლის ირგვლივ საპროტესტო საზოგადოების გაერთიანების შემთხვევაში, ახალი არჩევნების ჩანიშვნა უფრო მიღწევად მიზნად წარმოუდგენიათ. ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ  გაერთიანება მთავარი მოთხოვნების გარშემო ისედაც არსებობს და ეს საკმარისია. 

ამ ოპტიმიზმს არ იზიარებენ სხვები. ვიქტორ ყიფიანი, რომელიც პოლიტიკური პარტიის შექმნას ფიქრობს და თანამოაზრეებს ეძებს, ამბობს, რომ ოპოზიცია დღეს ახალი არჩევნებისთვის მზად არ არის. ახლა მოქალაქეები რეალურ ალტერნატივას ითხოვენ, რისი შექმნაც ახალ პარტიას შეუძლია. 

იმავე აზრზეა ცოტნე კობერიძე. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება არა იმდენად ახალ პარტიას, არამედ ახალ იდეას ელოდება. სამომავლოდ პარტიად გარდაქმნას გეგმავს მოძრაობა მე12 სართული. აქ დარწმუნებული არიან, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე მუშაობით მათ მიმართ ინტერესი გაიზრდება. 

ახალი არჩევნები უფრო დიდი პრობლემაა ქართული ოცნებისთვის - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ივანიშვილის პარტიას წესით ძალიან გაუჭირდება.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში