დემოკრატიულო არჩევნების პირობებში - ოპოზიცია მზადაა არჩევნებში "ოცნება" დაამარცხოს
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით ოპოზიცია მზადაა დემოკრატიულ არჩევნებში "ქართული ოცნება" დაამარცხოს.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა - ხვალ რომ "ოცნებამ" ჩანიშნოს ვადამდელი არჩევნები, მზად არის თუ არა ოპოზიცია, შეებრძოლოს "ქართულ ოცნებას" არჩევნებში და დაამარცხოს ის?
ნუგზარ წიკლაურის თქმით, მას სჯერა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ოპოზიციამ მოახერხა გამარჯვების მოპოვება, ხოლო დღეს "ქართული ოცნება" კიდევ უფრო მეტად არის გაკოტრებული".
გააჩნია როგორი იქნება ეს არჩევნები, თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ დემოკრატიული იქნება ეს არჩევნები, შემდეგ არჩევნების შედეგები გამოხატავს იმ ნებას, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოთქვა, დიახ, არის ოპოზიცია მზად. იქნება სხვადასხვა კონფიგურაციები, მაგრამ არა უნიფიკაციაში, არა რაღაც მითოლოგიურ საერთო სიებში არის ახლა ჩვენი ძალა, არამედ იმაში, რომ კოორდინირებული ვიყოთ ამ ბრძოლისათვის. ჩვენ ვნახეთ არჩევნებზე, მე იმავე პოზიციაზე ვრჩები, რომ ოპოზიციამ მოახერხა გასულ არჩევნებზე გამარჯვების მოპოვება, მათ უფრო მეტი ხმა აირეს. დღეს "ქართული ოცნება" კიდევ უფრო მეტად არის გაკოტრებული. დღეს ჩვენ ვნახეთ ის სკანდალები - თავდაცვის მინისტრი ქურდი, პრემიერ-მისნიტრი ქურდი, ეკონომიკის მინისტრი ქურდი, მთელი "ოცნება" არის შეპყრობილი ამ ტოტალური კორუფციით და რა თანხებზეა ლაპარაკი მაშინ, როცა 20 ლარს უმატებენ პენსიას, 20 მილიონს ინახავს ქვეყნის პრემიერი საკუთარ სახლში, წარმოგიდგენიათ ეს როგორი ტრაგიკული დისონანსია ჩვენ, უბრალო მოქალაქეების ყოფასა და იმ ადამიანებს შორის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩვენ ხარჯზე უნდა იცხოვროს და წაგვართვას ყველაფერი რაც გვაქვს.
ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩვენ შევძლებთ მობილიზებას, ჩვენ შევძლებთ ისეთი ფორმატების მოძებნას, რომელიც წაგვიყვანს ამ გზაზე..." - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.