"იმარჯვებს ქართული საზოგადოება, იმარჯვებს უკრაინა" - მიხეილ სააკაშვილი
"იმარჯვებს ქართული საზოგადოება, იმარჯვებს უკრაინა" - ამ სიტყვებით დაასრულა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლა.
3 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე პირველად მივიდა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომზე ისაუბრა.
მესამე პრეზიდენტის შეფასებით, რადგან რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ვერ შეძლო ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის აღება, შესაბამისად ის უკვე დამარცხებულია.
რაც შეეხება უკრაინას, მე ბოლოჯერ ამ დარბაზში ვიყავი მაშინ, როცა რუსული ჯარი იდგა კიევთან, მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, ვინაიდან ვერ შეძლო რუსეთმა კიევის დაპყრობა, ვინაიდან ვერ შეძლეს მათ ვერცერთ სტრატეგიულ ქალაქში შესვლა, ვერცერთი დიდი ქალაქი და უკრაინის უმეტესი ნაწილის აღება, რუსეთი არის უკვე დამარცხებული, ახლა არის ბოლო ბორძკი ამ ქვეყნის.
კი, ჩაბნელებული არის მთელი უკრაინა, მაგრამ საქართველოსაც უნახავს ჩაბნელება და უკრაინელები ძალიან გამძლე ხალხი არიან და იმით, რომ სითბო არ აქვთ და დენი, ამით ვერავინ ვერ გააოცებს.
რუსეთი, რომელიც ამ სამი წლის შედეგად ვერ მიიღებს უკრაინის დაჩოქებას, არის უკვე დამარცხებული იმიტომ, რომ 4 წელიწადში, საბჭოთა კავშირი როცა იყო და 4 წელი გრძელდება ეს ომიც და ისიც, უფრო მეტხანს გრძელდება ვიდრე საბჭოთა კავშირის და გერმანიის ომი, საბჭოთა კავშირმა აიღო ბერლინი და თითქმის მთელი ევროპა. დონბასიც კი ვერ აიღეს, ეს ნიშნავს, რომ ესენი არიან დამარცხებული.
ამიტომ, იმარჯვებს ქართული საზოგადოება, იმარჯვებს ჩვენი მებრძოლი სულისკვეთება, იმარჯვებს ჩვენი ენერგია და იმარჯვებს უკრაინა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სიტყვის უფლებით ისარგებლა.
- მიხეილ სააკაშილმა თავისი სიტყვის შემდეგ სასამართლო დარბაზი დატოვა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.