ალიევის განცხადებაზე "ოცნებაში" პირველი კომენტარი გაკეთდა
ილჰამ ალიევის განცხადებაზე "ოცნებაში" პირველი კომენტარი გაკეთდა - ივანიშვილის გუნდში ირწმუნებიან, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაკავშირებადობის გაღრმავებას უკავშირდება.
ეს არის ანტიქართული ნარატივი - ანუ თქვენ ახლა რას ამბობთ, იმის გამო, რომ ორმა ქვეყანამ მშვიდობა დაამყარა და ერთმანეთთან ეკონომიკური ურთიერთობები აღადგინა, ბუნებრივია, ისინი გამოიყენებენ ერთმანეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას დაკავშირებადობის კუთხითაც და თქვენ ამბობთ, რომ ეს არის საქართველოსთვის ფურცლის დაკარგვა.
არაფერს არ კარგავს საქართველო. ის მშვიდობა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში დამყარდა და იმედია განმტკიცდება, საშუალებას მისცემს, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასია გახდეს ერთი ძლიერი განვითარების რეგიონი. ჩვენ ვართ იქ, რომ საქართველომ აი ამ პერიოდის განმავლობაში მთლიანად უზრუნველყო თავისი ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება. ეს ეხება როგორც მაგისტრალურ გზებს, ასევე რკინიგზას, ეს ეხება აგრეთვე საპორტო ინფრასტრუქტურას", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ტვირთების გადაზიდვა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს დერეფნით ხორციელდება, მომავალში სომხეთის მიმართულებით გადაინაცვლებს. ამის შესახებ მან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა.
ალიევის თქმით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს სთხოვა, უზრუნველყოს სომხეთიდან რუსეთში ტვირთების ტრანზიტი აზერბაიჯანის გავლით, რაც დერეფნის პრაქტიკულად ცალმხრივ გახსნას ნიშნავს. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე გადაზიდვები საქართველოს გავლით ხორციელდება, მომავალში სომხეთის დერეფანი აქტიურად ამოქმედდება და ეს პროცესი შორეულ პერსპექტივად არ განიხილება.