რას ეძებს სუს ქსელურ მარკეტებში? - კომენტარი
სუს ქსელურ სუპერმარკეტებში შესვლას ადასტურებს - როგორც მდინარაძის უწყებაში "პირველებს" უთხრეს, გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი:
გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან. სხვა ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვინტერესდებით, რადგან ეს არ წარმოადგენს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს'- აცხადებენ სუს-ში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვადასხვა სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიების ოფისებში შევიდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 იანვარს, ირაკლი კობახიძე, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო კომპანიების, და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
ფასების კომისიის სხდომას ესწრებოდა 15-მდე ქსელური მარკეტის წარმომადგენელი, ასევე, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე და მინისტრთა კაბინეტის და კონკურენციის სააგენტოს წევრები.
"საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში - 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც" - თქვა ირაკლი კობახიძემ.