"არცერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს" - ირაკლი ნადირაძის სიტყვა სასამართლოზე

22.01.26 17:01
"არცერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს" - ირაკლი ნადირაძის სიტყვა სასამართლოზე

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავდა, რომ მისი და მასთან ერთად დაკავებულების წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის მოტივი მიმალვის საფრთხე, ხელახლა დანაშაულის ჩადენა და მტკიცებულებების განადგურება იყო.

ირაკლი ნადირაძემ განმარტა, რატომ არ არსებობდა ამ სამი მოტივიდან არცერთის საფრთხე. 

მისი თქმით, ის თავს დამნაშავედ არ თვლის და არცერთი სიტყვა არ მიაქვს უკან.

სამი მოტივი იყო: პირველი, მიმალვას რომ არ ვაპირებ ეს ისედაც გასაგებია, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცოდი, რომ მაკავებდნენ არ მივმალულვარ და არც ახლა არ ვაპირებ დამალვას. 

მეორე, ხელახლა დანაშაულის ჩადენაზე საერთოდ აბსურდია საუბარი. საჯარო სამსახურშიც ვიყავი ბევრი წელი, საზოგადოებაშიც მიცხოვრია, არცერთი დანაშაული არასდროს არ ჩამიდენია და არც შემჩნეული არ ვყოფილვარ.

მესამე, მტკიცებულებების განადგურებაზე საერთოდ აბსურდია საუბარი. რატომ უნდა გავანადგურო მაშინ, როდესაც ჩემ ყველა ნათქვამ განცხადებას, წინადადებას, ყველა სიტყვას, რაც იყო საქმეში ჩადებული ამ წუთასაც ყველა განცხადებაზე ხელს მოვაწერ და არცერთი განცხადება, არცერთი წინადადება, არცერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს იმიტომ, რომ ჩემი, პოლიტიკოსის განცხადებები, მოწოდებები არც კანონს გასცდენია და არც კონსტიტუციურად გამოხატვის ჩემ უფლებასა და თავისუფლებას. 

გავა დრო და ისტორია შეაფასებს, ვინ ვიყავით მართლები, ვინ ვიყავით ის ადამიანები ვინც ვიბრძოდით, როდესაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პუტინის მიერ გამოტანებული მილიარდებით ამ ქვეყანას აქცევდა.

თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ბრძოლა ბოლომდე. ყველა ეს ადამიანი არის პატრიოტი ადამიანი, მართალი ადამიანი და რა დროც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა მოგვისაჯოს სასამართლომ, ამ ადამიანზე ისტორია იტყვის, რომ ესენი იყვნენ მართალი ადამიანები," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, თორნიკე მჭედლიშვილის, ნიკა გვენცაძის, ირაკლი ჩხვირკიას, ირაკლი შაიშმელაშვილის და გური ჟვანიას პროცესი უკვე დასრულდა

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. 

  • ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.