"ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა ფარსი" - გიორგი ვაშაძე დებატებისთვის მზაობას აცხადებს
ციხიდან გათავისუფლებული გიორგი ვაშაძე დებატებისთვის მზაობას აცხადებს - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ დებატები ლიდერების დონეზე უნდა გაიმართოს და არ უნდა ემსახურებოდეს "ფარსს, რომელიც "ოცნებას" უყვარს".
„დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა. ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა ფარსი, რომელიც მათ უყვართ. პარლამენტში როდესაც ვეუბნებოდით ფასები მაღალიაო, მართალი აღმოვჩნდით? კორუფციას მიაქვს ქვეყანაო, მართალი არ აღმოვჩნდით?! კრიმინალს მიაქვს ქვეყანაო, მართალი არ აღმოვჩნდით?! აღიარეს? ხომ აღიარეს რომ ყველაფერში მართლები აღმოვჩნდით. აქაც მართლები ვართ, ეს სიმართლე გაიმარჯვებს“,-აღნიშნა ვაშაძემ.
ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დებატების დაბრუნებას აანონსებს - "ოცნების" პრემიერმა ცოტა გუშინ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია, რომ საზოგადოებამ ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია მოისმინოს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.
- ცნობისთვის, "ოცნებას" ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, ამიტომ საინტერესოა, ვისთან დებატებზე საუბრობს ივანიშვილის გუნდის პრემიერი.