„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საჯარო დებატებისთვის მზად არის, თუმცა მონაწილეობას მხოლოდ მისთვის მისაღებ პირობებსა და ფორმატებში განიხილავს. ივანიშვილის პარტიაში ამბობენ, რომ ყველა პლატფორმა და დისკუსიის ყველა ფორმატი მათთვის მისაღები არ არის. ამ კონტექსტში ირაკლი კობახიძის განცხადებების განმარტებებმა კითხვები გააჩინა, რამდენად არსებობს დისკუსიის რეალური მზადყოფნა.
პარტიაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება თავისუფალ არხებზე დებატებში მონაწილეობის შესახებ საბოლოოდ მიღებული არ არის და შეთავაზებებს დაელოდებიან, რის შემდეგაც ფორმატის მიხედვით იმსჯელებენ. აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საპარლამენტო გუნდს სრული მზადყოფნა არ აქვს.
ამავე დროს, "ქართული ოცნება", რომელიც კრიტიკულ მედიასთან თანამშრომლობას წლებია თავს არიდებს, ამტკიცებს, რომ დისკუსიის სივრცე„დიფ სთეითმა“ გააქრო. პარტიაში პროცესს ისე აღწერენ, თითქოს დებატების სურვილი ყოველთვის ჰქონდათ, ხოლო მეორე მხარე უარს აცხადებდა.
ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც, რომელმაც თანამშრომლობის მზადყოფნაზე ისაუბრა, თუმცა ერთ-ერთი კრიტიკული მედიის მიმართ კრიტიკული განცხადებებიც გააკეთა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.