"განსხვავებულ აზრს ახშობენ“ - HRW ტროტუარის კანონზე
ამერიკული უფლებადაცვითი ორგანიზაცია, „ჰიუმან რაითს ვოჩი“ ტროტუარზე დგომის საქმეზე აქციის მონაწილეების დაპატიმრებებს ეხმაურება.
საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ იცნობს გუშინ, 23 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებებს სასამართლოში, როდესაც 7 მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნეს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო და მათგან 5-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს ათობით ე.წ. ტროტუარზე დგომის საქმე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და საქართველოს მიერ საერთაშორისო მასშტაბით ნაკისრი ვალდებულებების რღვევის გამო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
„მომდევნო დღეებში სასამართლო პროცესები ათობით სხვა პირსაც ელოდება. […] Human Rights Watch ასევე შეშფოთებულია იმით, რომ რიგ შემთხვევებში მოსამართლეებმა ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტეს და საქმეები საგამოძიებო ორგანოებს გადაუგზავნეს, იმ მოტივით, რომ პირებს ადრე თითქოს პროტესტთან დაკავშირებული წესების დარღვევები ჰქონდათ ჩადენილი, რაც, პოტენციურად, მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
Human Rights Watch-ის ევროპის და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე, გიორგი გოგია ამბობს, რომ "ოცნების" მიერ კანონში შეტანილი ცვლილებები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ "პოლიციას უკიდურესად სახიფათოდ უფართოებს ძალაუფლებას, რომ გადაწყვიტონ, როდის და სად გამოხატონ ადამიანებმა პროტესტი და საერთოდ, გამოხატონ თუ არა“, - „კანონი, როგორც ჩანს, თვითნებურად გამოიყენება მშვიდობიანი გამოხატვის ჩასახშობად და კრიტიკული ხმების საჯარო სივრციდან გასაძევებლად.“
საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები. ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს, ჰქონდეს სათანადო სამართლებრივი საფუძველი და აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს. ეს გარანტიები უზრუნველყოფს, რომ ადამიანებს შეეძლოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა პოლიციის მიერ ძალის ბოროტად გამოყენების, თვითნებური დაკავებებისა და არათანაზომიერი სანქციების შიშის გარეშე.
[…] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ახლახან მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია დემონსტრანტის სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები, როდესაც 2023 წლის მარტის აქციების დროს იგი გაამტყუნა მხოლოდ პოლიციელთა მხრიდან დაუდასტურებელი ჩვენებების საფუძველზე და სასამართლოს მხრიდან პოლიციის მითითებების კანონიერების რეალურად შემოწმების გარეშე“, — წერს HRW და მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ადასტურებს სტრუქტურულ ხარვეზებს, რომლებიც ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს ცნებას, გარანტიებს და ხელს უწყობს პროტესტის ბოროტ კონტროლს პოლიციის მხრიდან.
საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გააუქმოს ან შეცვალოს რეგულაციები, რომლებიც გაუმართლებლად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს. სამართალდამცავმა ორგანოებმა და სასამართლოებმა კი დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონის თვითნებური გამოყენება. უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა იყოს კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული, ყველა წარმოებაში დაიცვან სამართლიანი სასამართლოს უფლებები.
„ამ რეგულაციებით საზოგადოებრივ წესრიგს არ იცავენ, განსხვავებულ აზრს ახშობენ“, — აცხადებს გიორგი გოგია.