აღმოჩენილია მერიის მაღალჩინოსნების გადამალული ქონება - ჟურნალისტური გამოძიება
ათობით უძრავი ქონება, მილიონების ღირებულების სახლები, ბინები და ავტომობილები - როგორ ხდებიან თბილისის მერიის მაღალჩინოსნები მილიონერები? "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება ბაგა-ბაღების სააგენტოს ორ მაღალჩინოსანს ეხება. ანდღულაძესა და კერესელიძეს ამ დრომდე ბრალდებულის სტატუსი აქვთ, თუმცა ისინი თავისუფლებაზე იმყოფებიან. უცნობია, რა პირობებით დატოვეს მათ საპატიმრო - ითანამშრომლეს თუ არა გამოძიებასთან, ან ვის პასუხისმგებლობას შეეხო მათი ჩვენებები.
ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის ყოფილი უფროსი, შალვა ანდღულაძე:
- დიღმის პრესტიჟულ დასახლებაში, სახლი პალმებით, საცურაო აუზითა და ღია ტერასებით, დოკუმენტების მიხედვით, მერიის მაღალჩინოსნის ცოლისდის საკუთრებაა. ნინო გულბანი თავად ამ სახლში არ ცხოვრობს. მეტიც, ეს მდიდრული ვილა 50 წლის ქალის პირველი შენაძენია და მანამდე მას უძრავი ქონება არც თბილისში და არც მშობლიურ სამტრედიაში არ ჰქონია. მერიის მაღალჩინოსნის ცოლისდას არ აქვს არც ბიზნესი. ცოლისდის სახელზე გაფორმებულ სახლში რომ რეალურად, ბავშვების ფულის მოპარვის საქმეზე ბრალდებული შალვა ანდღულაძე ცხოვრობს, ამ ფაქტს "შაბათის ეთერთან" მისი კარის მეზობელიც ადასტურებენ. 2020 წელს ვილა დიღომში იპოთეკის გარეშეა შეძენილი. შალვა ანდღულაძე კი ამ დროს უკვე ბაღების სააგენტოშია და მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობს.
- 2021 წლის 15 ოქტომბერს, გულბანი 100 კვადრატული მეტრი ფართის ბინას ყიდულობს აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ. ამ დროსაც მისი სიძე მერიის მოქმედი მაღალჩინოსანია. ნინო გულბანი არც ამ მისამართზე უნახავთ. ქალმა, რომელსაც არც კომპანია უფიქსირდება და არც სხვა სახლი, რომელსაც ახალი შენაძენისთვის გაყიდდა, ამ ბინის დარეგისტრირებასაც, იპოთეკის გარეშე ახერხებს.
ედიშერ გულბანი ნინო გულბანის მამა და შალვა ანდღულაძის სიმამრია. "შაბათის ეთერმა" მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, 84 წლის სიმამრის სახელზე თხინავალას დასახლებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი აღმოაჩინა.
- 2020 და 21 წლებში, მერიის მაღალჩინოსნის სიმამრი, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში კიდევ 2 ბინას ყიდულობს, აქედან ერთს კი მალევე, მერიის მაღალჩინოსნის ცოლს ანუ საკუთარ შვილს ჩუქნის. ამავე კორპუსში კიდევ ერთ ბინას ფლობს თავად შალვა ანდღულაძეც. ნასყიდობის ხელშეკრულება თანამდებობაზე მუშაობის დროს, სესხის გარეშეა გაფორმებული.
- 2022 წლის 20 ოქტომბერს კი, ანდღულაძის პენსიონერი სიმამრი, თბილისის სამრეწველო ზონაში, კიდევ უფრო მსხვილ შენაძენს აკეთებს. ბაღების სააგენტოს მოქმედი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრის სახელზე ფორმდება 5645 კვადრატული მეტრი მიწა თბილისის საერთაშორისო აერპორტის წინ, ინდუსტრიულ ზონაში .
ეს ყვალაფერი არ არის, მერიის შიდა აუდიტის 2019 წლით დათარიღებულ დასკვნაში, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, ვკითხულობთ, რომ დარღვევები ბაღების სააგენტოში დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამიტომ შედეგები მთავარ პროკურატურას ეგზავნება. საქმე ამ შემთხვევაშიც ბაგა-ბაღების დაუსრულებელ მშენებლობებს, ხელოვნურად გაზრდილ თანხებსა და არაჯეროვნად შესრულებულ მოვალეობებს ეხებოდა. მაშინაც და გამოძიების დაწყების მომენტშიც, ბაღების სააგენტოს ერთი და იგივე მენეჯმენტი მართავდა. კალაძეც, მაშინაც მერი იყო და ახლაც იგივე პოსტზეა.
ვინ არის შალვა ანდღულაძე?
- ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილის მშობლიური ვანიდანაა, ბაღების სააგენტოში მეტსახელად "ვანსკიდ" ცნობილი მაღალჩინოსანი, ბოლო წუთამდე სუს-ის ყოფილი უფროსის გარემოცვის წევრად ითვლებოდა. ანდღულაძე ახლა თავისუფლებაზე გირაოთია გამოშვებული.
დავით კერესელიძე:
გამოძიების ინტერესის საგანი უკვე გახდა ბაღების სააგენტოს კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით კერესელიძე შალვა ანდღულაძის მსგავსად, მასაც გირაო აქვს შეფარდებული. ეს უკანასკნელი სააგენტოს საფინანსო სამსახურს ხელმძღვანელობდა. დავით კერესელიძეს სავარაუდოდ მხოლოდ ბაღების გაფლანგულ ფულზე არ მოედავებიან. 27-ე ბაგა-ბაღის დირექტორი თეონა ჯინჭარაძე კერესელიძის უახლოესი ნათესავია. ამავე ბაღში ფსიქოლოგად არის დასაქმებული, ბაღების სააგენტოს უკვე ბრალდებული დავით კერესელიძის ცოლიც.
- კერესლიძეს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული 3 ბინა აქვს, სამივე გასულ 2025 წელს შეძენილი. ბაღის ფსიქოლოგ ცოლს კი ბინასთან ერთად, სოლიდური მიწის ნაკვეთი საგურამოსთან, სადაც სავარაუდოდ მშენებლობას გეგმავენ. ბინა თბილისის ცენტრში ქმრის თანამდებობაზე ყოფნისას, 2023 წელსაა შეძენილი, დავით კერესელიძის მერიის მაღალჩინოსნობის პერიოდს უკავშირდება მიწის 2 ნაკვეთის ყიდვაც მცხეთის რაიონში.
- დავით კერესელიძის ძმა, რამდენიმე თვის წინ, ეკონომიკური სამსახურის უფროსად დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. მისი სახელის გასწვრივაც ქონების რეესტრში, თბილისში, ბოლო პერიოდში შეძენილი 4 ბინაა.
- მეორე ძმის, შალვა კერესელიძის საკუთრებაა კერძო სახლი დიღმის პრესტიჟულ დასახლებაში. ამას გარდა კიდევ 3 ბინა ახლადაშენებულ კორპუსში, ანაპის ქუჩაზე. მესამე ძმის სახელზე 3 კომპანიაცაა, თუმცა არცერთი მათგანი, მოქმედი აღარ არის.
ჟურნალისტური მოკვლევის პროცესში უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებული მერიის მაღალჩინოსნები ერთმანეთთან მჭირდო კავშირში იმყოფებიან. მაგალითად, ბიწმენდში შეძენილი მიწის ნაკვეთების მფლობელები, დავით კერესელიძისა და შალვა ანდღულაძის ცოლები არიან. კერესელიძის 2 ბინაც ზუსტად იმ კორპუსშია შეძენილი, სადაც ანდღულაძე, მეტსახელად ვანსკი და მისი ცოლი ნონა 3 ბინას ფლობენ.