გეგმავს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას და როგორ ხედავენ კრიზისის დასრულების გზას - რას ამბობენ პარტიებში

25.01.26 11:45
გეგმავს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას და როგორ ხედავენ კრიზისის დასრულების გზას - რას ამბობენ პარტიებში

ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური გაერთიანების საკითხი აქტიურად განიხილება. პოლიტიკოსების ნაწილი არჩევნებში წარმატების მიღწევის ერთ-ერთ გზად ერთიან მოქმედებას ასახელებს. შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოსულმა გიორგი ვაშაძემ სწორედ ეს გზავნილი გააჟღერა.

პარტიებში ადასტურებენ, რომ მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე შეთანხმება ამ ეტაპზე გაჭიანურებულია. 

ერთიანობის საკითხზე საკუთარ ხედვას აფიქსირებს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე, რომელიც ამბობს, რომ კოორდინაციაზე საუბარი მხოლოდ კონკრეტული შედეგების შემდეგ უნდა დაიწყოს.

ჩემი მოსაზრებაა ასეთი, რომ ერთიანობაზე მხოლოდ და მხოლოდ უნდა ველაპარაკოთ მაშინ, როდესაც დადგება ძალიან კონკრეტული შედეგი. ერთიანობა, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ერთი იდეის გარშემო, საინფორმაციო ომის მოგების გარშემო, კონკრეტული გზავნილების გარშემო. ერთიანობა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ყველას გათავისებული აქვს, რომ ეს ბრძოლა თანაბრად ყოფს ადამიანებს, ჩვენ ყველა ერთმანეთში ვლაპარაკობთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბარმა და ამ კოორდინაციამ კონკრეტული შედეგი მოიტანოს და მხოლოდ ამის შემდეგ ველაპარაკოთ, შედეგის მიხედვით, ადამიანებს, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

გიორგი ვაშაძესთან შესაძლო კომუნიკაციაზე საუბრობს ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომლის თქმითაც, მათ შორის პოლიტიკური ხედვების ძირითადი ნაწილი უკვე წლებია ემთხვევა. 

გიორგი იყო გამოსული აქციაზე და იქ ორი წუთით ვილაპარაკეთ, მაგრამ ეს ლაპარაკი შემოიფარგლა ციხის პერიოდის გახსენებით, რაღაცეებს ვიხსენებდით, ვიცინოდით, იქ როგორი იყო ცხოვრება. პოლიტიკაზე არ გვილაპარკია. ჩემი და გიორგის ხედვები იმასთან დაკავშრებით, როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, წლებია ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ არ მგონია, რომ მანდ ძალიან ავცდეთ ერთმანეთს. რა ვიცი, დავილაპარაკებთ ალბათ. ჩემთან არა მარტო, როგორც ვიცი, აპირებს, რომ შეხვდეს და ყველას დაელაპარაკოს ისიც და მერე ალბათ თვითინ გამოვა და მოყვება, - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

ფორმალურ და ქმედით ერთიანობას შორის განსხვავებაზე ამახვილებს ყურადღებას "დროას" წევრი გიგა ლემონჯავა, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა შეთანხმებული მოქმედებაა. 

მე მგონია, რომ ფორმალური ერთიანობის დრო ახლა არ არის, ერთად დადგომის და ფოტოს გადაღების დრო. ახლა არის ქმედითი ერთიანობის დრო, რაც უნდა გამოიხატოს შეთანხმებაზე იმ საკითხზე, როგორ ვამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ყველაზე მნიშნელოვანი, ფუნდამენტური და ფრთხილი ოპტიმიზმით მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებიტ ნაბიჯები იდგმება და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ეს უკვე კონკრეტულ ხელშესახებ შედეგად გადაიქცევა, - ამბობს გიგა ლემონჯავა.  

კოორდინაციის შესაძლო ფორმატებზე საუბრობს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია, რომელიც აცხადებს, რომ სტრატეგიული და ტაქტიკური შეთანხმების გარეშე გაერთიანებას პერსპექტივა არ აქვს. 

ჩვენ ღია ვართ, განვიხილოთ კოორდინაციის განსხვავებული ფორმატები თუკი ეს კოორდინაცია იქნება დამყარებული შეჯერებულ ტაქტიკურ და სტრატეგიულ ხედვებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი არ აქვს არავითარ ფორმატს, რადგან ჩვენ ვიცით გამოცდილებით, რომ როდესაც სტრატეგია და ტაქტიკა არ არის შეჯერებული, ასეთი ტიპის ფორმატები დიდხანს არ ძლებს ხოლმე და ჩვენ გვინდა ისეთი ფორმატი ვიხილოთ, რომელიც გაძლებს, რომელსაც ექნება სწორი პოლიტიკური შინაარსი და წარმატების შანსი. რაც შეეხება საერთო პოლიტიკური ორგანიზაციის ანუ ერთი პარტიის შექმნას, ეს არ არის იდეა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

ოპოზიციური თანამშრომლობის პირობებს განმარტავს ლევან ცუცქირიძე, რომლის თქმითაც, თანამშრომლობა შესაძლებელია იმ ძალებთან, რომლებიც იზიარებენ საერთო ხედვებსა და ღირებულებებს. 

"თავისუფლების მოედანი" ღია ვართ თანამშროლობისთვის ყველა იმ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც იზიარებს ჩვენს ხედვებს და შეხედულებებს იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს ბრძოლა და ეს წინააღმდეგობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაიჯეროს, თუ რატომ უნდა წავიდეს "ქართული ოცნება" და იცოდეს, მაგრამ ასევე მათ უნდა ვაჩვენოთ ის, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ახალი პოლიტიკური კლასი, რომელიც იქნება ფასეულობების და ღირებულებების ერთგული და ასევე, ამ ხალხმა იცის, რა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში ძალიან სწრაფად, ოღონდ ყველასთვის და არა მცირე ჯგუფებისთვის, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.