სავარაუდო კორუფცია ბაგა-ბაღების სააგენტოში - ვინ არის პასუხისმგებელი
თბილისის მერიის ბაგა-ბაღების სააგენტოში გამოვლენილი შესაძლო კორუფციის საკითხზე პასუხისმგებლობის თემა ისევ დღის წესრიგში დგას. „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა თბილისის მერს, კახა კალაძეს ეკისრება.
გამოძიებაში საუბარია სააგენტოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე - შალვა ანდღულაძესა და დავით კერესელიძეზე, რომელთა ოჯახის წევრების სახელზე, დოკუმენტების მიხედვით, ათობით უძრავი ქონება, ძვირადღირებული სახლები, ბინები და ავტომობილებია რეგისტრირებული. ოპოზიციის შეფასებით, ქონების ასეთი მასშტაბი მათ ოფიციალურ შემოსავლებთან შეუსაბამოა.
ანდღულაძესა და კერესელიძეს ამ დრომდე ბრალდებულის სტატუსი აქვთ, თუმცა ისინი თავისუფლებაზე იმყოფებიან. უცნობია, რა პირობებით დატოვეს მათ საპატიმრო - ითანამშრომლეს თუ არა გამოძიებასთან, ან ვის პასუხისმგებლობას შეეხო მათი ჩვენებები.
ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ თბილისის მერიის შიდა აუდიტმა ბაგა-ბაღების სააგენტოში სერიოზული დარღვევები ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ გამოავლინა. დასკვნაში საუბარია დაუსრულებელ სამუშაოებზე, უხარისხოდ შესრულებულ პროექტებსა და ხელოვნურად გაბერილ ხარჯებზე. იმ პერიოდში, ისევე როგორც დღეს, თბილისის მერის პოსტს კახა კალაძე იკავებდა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.