ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე საგანგებო მოსმენა ჩაინიშნა. ვაშინგტონში, ოთხშაბათს, ამერიკელი კანონმდებლები იმსჯელებენ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც, მათი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახორციელებს.
მოსმენამდე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილის პარტია რეპრესიულ კანონმდებლობას იყენებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და ზეწოლას ახორციელებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.
ეს პროცესი მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა საქართველოში მოქალაქეების დაკავების ფაქტები ფიქსირდება საჯარო სივრცეებში, მათ შორის ტროტუარზე დგომის გამო. კრიტიკოსების შეფასებით, ეს გარემოება მიუთითებს, რომ ხელისუფლების მხრიდან რეპრესიულმა პრაქტიკამ უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა.
ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ განხილვაზე არ არის გამორიცხული, ყურადღება გამახვილდეს შესაძლო საერთაშორისო რეაგირებაზეც, მათ შორის იმ ზომებზე, რომლებიც დემოკრატიული უკუსვლისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ შეიძლება დაწესდეს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.