საქართველოში რუსი აქტივისტი დააკავეს - მიხეილ ტიმოფეევს რუსეთში ექსტრადაცია ემუქრება
საქართველოში ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის სერგეი ფურგალის თანამოაზრე, რუსეთის მოქალაქე მიხეილ ტიმოფეევი დააკავეს. ფურგალის საქმე 2020–2021 წლებში ხაბაროვსკში მასობრივი პროტესტის მიზეზი გახდა. ტიმოფეევის დაკავების შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხი "თბილისი ლაივი" ავრცელებს.
ტიმოფეევი საქართველოში 2024 წლის მარტში ჩამოვიდა და რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკური დევნის საფუძვლით თავშესაფარი მოითხოვა. მისი საქმის პოლიტიკური ხასიათი არაერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, მათ შორის „მემორიალმა“, და დამოუკიდებელმა მედიამ დაადასტურა. მიუხედავად ამისა, საქართველოს მიგრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის დეკემბერში მას თავშესაფარზე უარი უთხრა, რაც სასამართლოში გასაჩივრდა.
ტიმოფეევი 23 იანვარს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, ინტერპოლის წერილზე დაყრდნობით დააკავეს, თუმცა ექსტრადიციის ოფიციალური მოთხოვნა რუსეთის მხრიდან არ არსებობს. უფლებადამცველების განცხადებით, ე.წ. წითელი ცირკულარი დაკავებამდე გაუქმებული იყო.
ტიმოფეევი გლდანის ციხეშია მოთავსებული სამთვიანი ვადით, რაც რუსეთს ექსტრადიციის მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. საქართველოში მის წინააღმდეგ სხვა სამართლებრივი პროცედურები არ მიმდინარეობს.
უფლებადამცველები მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე, დაცვის შეზღუდვაზე და სიცოცხლისთვის არსებულ საფრთხეზე მიუთითებენ.