კობახიძეს მწარმოებლები პასუხობენ

26.01.26 11:36
კობახიძეს მწარმოებლები პასუხობენ

"პირველების" ინფორმაციით, კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთ პროდუქტზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მწარმოებლებს შორის კარტერული გარიგება შედგა, კვერცხის მწარმოებლებს ეხება. 

"ოცნების" პრემიერის ამ განცხადებას დღეს სწორედ კვერცხის მწარმოებლებმა უპასუხეს. მათი მტკიცებით, ბრალდება, თითქოს კარტერულ გარიგებას ჰქონდა ადგილი, უსაფუძვლოა. ამასთან, მწარმოებლები ამბობენ, რომ აღნიშნულ პროდუქტზე ფასების დარეგულირება პრაქტიკულად შეუძლებელია. 

არ ვიცი რა კარტერულ გარიგებაზეა საუბარი, რომელ პროდუქტზეა საუბარი არ ვიცით ჯერ. ფასებს რაც შეეხება, ზოგადად კარგი იქნება, ფასებმა რომ დაიწიოს პროდუქციაზე, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ეს თითქმის შეუძლებელია. კვერცხი არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში, საერთოდ არ არის ლოგიკაში ჩვენთან მიმართებაში. ჩვენი პროდუქცია გაძვირდა 5.2%-ით. ეს მე გავაძვირე 5.2%-ით, სხვა კომპანიამ შეიძლება სხვა ფასი დაადო, ამიტომ მგონია, რომ სხვა პროდუქციაზეა საუბარი, - ამბობს ზურაბ ჭუჭულაშვილი.

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი, ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ ფასების ზრდა პროდუქციის თვითღირებულების გაძვირებით არის განპირობებული და არა კომპანიებს შორის შეთანხმებით.

მისი თქმით, კვერცხზე ფასის ხელოვნური რეგულირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო თვითღირებულების ზრდის პირობებში გასაყიდი ფასის მატება გარდაუვალია. უჩუმბეგაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მარჟის მქონე პროდუქტია და საუბარი კარტელურ გარიგებაზე უსაფუძვლოა.

ჩემთვის არავის დაურეკავს. რა ვიცი, არაფერი გარიგება არ ყოფილა. გაძირდა იმიტომ, რომ მასობრივად გაძვირებულია და ხომ ამოწმებენ და დადებენ დასკვნას. ახლა, თუ გაძვირდა და თვითღირებულება გაიზარდა, ავტომატურად გაიზრდება გასაყიდი ფასიც და მაგას რა გარიგება სჭირდება. რამდენჯერ მოვითხოვეთ ჩვენ, გადასახადებია, დღგ-ა, კვერცხთან მიმართებაში, რა ვიცი გამორჩეულად იბეგრება. თუ ფასის თემა იყო და ფასი იყო შესაცვლელი, ალბათ ყველაზე კარგი იყო თავიდან, უმნიშვნელოვანესი პროდუქტები რაც არის, უბრალოდ, გადასახადი შეემცირებინათ. ხომ შემოწმდება და ნახავენ. 10 და 15%-იანი მარჟა ეს არის რეალური კი არა უფრო ცოტაც არის, - ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფასების კომისიის სხდომაზე დღეს იმ ბიზნესმენებს ელოდებიან, რომლებიც საქართველოში კვების პროდუქტებს აწარმოებენ.