ქართველ მწარმოებლებთან შეხვედრა დასრულდა - კობახიძე მოქმედი "თამაშის წესებით" უკმაყოფილოა
ირაკლი კობახიძე პროდუქტების ფასების ზრდის საკითხის შესწავლას მოსახლეობის წინაშე სოციალური პასუხისმგებლობის ხსნის. ამის შესახებ მან სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ფასწარმოქმნა ხორციელდება თავისუფალი საბაზრო პრინციპების საფუძველზე, თუმცა, აქ შემოდის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ვფიქრობთ, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე შეგვიძლია, გარკვეული წვლილი შევიტანოთ ფასების კლებაში, - განაცხადა კობახიძემ.
"ოცნების" პრემიერის მტკიცებით, პროდუქტებზე ფასნამატი საქართველოს საზღვრიდან თარომდე 86%-ს შეადგენს და ამაში არც იმპორტის გადასახადი, არც დღგ იგულისხმება. კობახიძე ირწმუნება, რომ ფასების კლებისთვის სივრცე ნამდვილად არსებობს.
ჩვენ გვაქვს პირველადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქართულ სივრცეში, ჩვენს ქსელურ მარკეტებში. მთლიანობაში, ფასნამატი საქართველოს საზღვრიდან თარომდე შეადგენს 86%-ს. აქ არ შედის არცერთი გადასახადი - არც იმპორტის გადასახადი, არც დღგ. ეს არის სუფთა ფასნამატი, რაც წარმოიქმნება დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ფასნამატი საკმაოდ მაღალია. ჩვენ ვნახეთ, მაგალითად როგორია სხვაობა საბითუმო და თაროს ფასებს შორის ევროპის ქვეყნებში და როგორც წესი, ფასნამატი 20-დან 30%-მდე მერყეობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სივრცე ფასების კლებისთვის არსებობს, მათ შორის ქართულ პროდუქციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომისიის სხდომას 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
მიმდინარე კვირის განმავლობაში სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრები ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით გაიმართება.