კორუფციული სკანდალი კალაძის უწყებაში - “სუს-ი მერიაში უნდა შევიდეს“
კალაძის კორუფციული სკანდალი - ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს აკისრებს და აცხადებს, რომ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და კითხვები დაუსვას კალაძეს, რადგან ის ახლა როგორც მორალური, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობის წინაშეა.
“ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი ვარაუდობს, რომ ბაღების მართვის სააგენტში, სავარაუდო დანაშულის ნიშნების გამოძიება დაიბლოკა და ის, რომ მერიის ქვესაუწყებო ორგანოებში კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმი არ არსებობს, სწორედ მოქმედი მერის პასუხისმგებლობაა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაღების სააგენტოში, ჯერ კიდევ 2019 წელს, არსებობდა სავარაუდო დანაშულის ნიშნები, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ მოხდა გამოძიების დაბლოკვა, სხვა შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დაწყებულიყო გამოძიება და მისულიყო ბოლომდე. ბუნებრივია, ეს არის თბილისის მერის, კახა კალაძის პასუხისმგებლობა, ის ვერ იტყვის, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა და თუ იტყვის რომ არ ჰქონდა, ეს უფრო უარესია, რადგან ეს მიუთითებს, რომ თბილისის მერიის ქვესაუწყებო ორგანოებში არ არსებობს კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმი, - ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი.
უნდა დადგეს მერის პასუხისმგებლობის საკითხი, - ამბობს “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და აცხადებს, რომ ეს არის სისტემური კორუფციაა, რომელიც მერის მონაწილეობის გარეშე არ მოხდებოდა.
დღეს თუ სუს- ი სადმე უნდა შედიოდეს, პირველ რიგში ბაღების მართვის სააგენტოში უნდა შედიოდეს. არა მარტო ამ სააგენტოში, სუს-ი უნდა შედიოდეს და სწავლობდეს თბილისი მერიის ყველა სამსახურის საქმიანობას. რაც შეეხება პასუხისმგებლობას - თბილისის მერიაში კორუფცია იმდენად სისტემურია, რომ ასეთი დონი სისტემური კორუფცია, უშუალოდ თბილისის მერის მონაწილეობის გარეშე, არ მოხდებოდა და ვერ მოხდებოდა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სუს-ის ხელმძღვანელი ლობირებდა ერთი კონკრეტული სააგენტოს ხელმძღვანელს და ეს თბილისის მერის გვერდის ავლით ხდებოდა? წარმოუდგენელია. ამიტომ, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს მერის პასუხისმგებლობის საკითხი, - განაცხადა შარაშიძემ.
„შაბათის ეთერის“ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა თბილისის მერს, კახა კალაძეს ეკისრება.
გამოძიებაში საუბარია სააგენტოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე - შალვა ანდღულაძესა და დავით კერესელიძეზე, რომელთა ოჯახის წევრების სახელზე, დოკუმენტების მიხედვით, ათობით უძრავი ქონება, ძვირადღირებული სახლები, ბინები და ავტომობილებია რეგისტრირებული.
ანდღულაძესა და კერესელიძეს ამ დრომდე ბრალდებულის სტატუსი აქვთ, თუმცა ისინი თავისუფლებაზე იმყოფებიან. უცნობია, რა პირობებით დატოვეს მათ საპატიმრო - ითანამშრომლეს თუ არა გამოძიებასთან, ან ვის პასუხისმგებლობას შეეხო მათი ჩვენებები.
ამასთან ცნობილია ისიც, რომ ბრალი წარედგინა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, "საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. "ატკატებს" იღებდა".