გეგმავს თუ არა "ოცნება" ღარიბაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებას - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში
გეგმავს თუ არა "ოცნება" ირაკლი ღარიბაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებას - ეს კითხვა "პირველებმა" ივანიშვილის გუნდის წევრებს მას შემდეგ დაუსვა, რაც სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის მხარდამჭერებმა ახალი კამპანია დაიწყეს და მიხეილ ყაველაშვილს ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებიკენ მოუწოდეს.
"ოცნებაში" დღეს რიგ დეპუტატებს კითხვაზე პასუხსი გაცემა გაუჭირდათ:
"ვერ გეტყვით" - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.
"არ ვარ მოსამართლე" - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
"არვიცი, ეს ყაველაშვილს ჰკითხეთ" - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.
თუმცა იყვნენ ისეთები, რომლებმაც პირდაპირ თქვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებას მიხეილ ყაველაშვილი არ აპირებს და ეს მის მიერ გამოცემული შეწყალების აქტებითაც დადასტურდა, სადაც ყოფილი პრემიერის სახელი და გვარი არ იყო.
საქართველოს პრეზიდენტი მის შეწყალებას არ აპირებს, ამაზე საუბარი არ ყოფილა. ეს ეჭვები თავიდანვე გამოითქვა, თუმცა პრეზიდენტმა, ირაკლი ღარიბაშვილის პატიმრობის შემდეგ ორჯერ გამოსცა შეწყალების აქტი და იქ ირაკლი ღარიბაშვილი არ ყოფილა. საკითხი დგას ძალიან მარტივად, ადამიანმა აღიარა დანაშაული და მიესაჯა სასჯელი, რომელიც უნდა მოიხადოს", - აცხადებს ლადო ბოჟაძე.
კითხვები ირაკლი ღარიბაშვილზე დღეს განსაკუთრებით რთული იყო გია ვოლსკისთვის - "ოცნების" დეპუტატისთვის ამ თემაზე საუბარი მისთვის ემოციურია.
საკმაოდ რთულია მსჯელობა კონკრეტულ ადამიანზე, მის ბედზე, მის ოჯახზე, გინდა მხარდამჭერზე, იმ წარსულიდან გამომდინარე, რაც გვაკავშირებდა ერთმანეთთან - მეგობრობა და თანამშრომლობა. ეს ემოციური ნაწილია. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, ამაზე წინასწარ ვერაფერ ვერ გეტყვით. რთულია ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ დანაშაულია მძიმე და სასჯელიც არის შესაბამისი. მე მკითხავი არ ვარ - რას ვიზამთ, რას გავაკეთებთ. ჩემი ემოცია ერთია და დანაშაულის მიმართ სასჯელი მეორე", - აცხადებს გია ვოლსკი.
ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები მიხეილ ყაველაშვილისგან ექს-პრემიერის შეწყალებას ითხოვენ - ახალი კამპანია სოციალურ ქსელში ღარიბაშვილის გულშემატკივრებმა დაიწყეს.
ფეისბუქ გვერდზე ამ დრომდე ერთი საჯარო პოსტი და ასობით კომენტარია, თხოვნით - "შეიწყალეთ ღარიბაშვილი".