ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი”, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია - ზურაბიშვილი
ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი” საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, “ეს ასევე მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის, რათა არ დაუშვას საქართველოს რუსული მოდელის სახელმწიფოდ გადაქცევა.“
“ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი” საქართველოსთვის, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის, რათა არ დაუშვას საქართველოს რუსული მოდელის სახელმწიფოდ გადაქცევა.
ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევები, დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება არა მხოლოდ დაიგმობა, არამედ შეფასდება. მსოფლიო გვიყურებს, ქართველი ხალხი პროტესტს აგრძელებს - ანგარიშვალდებულება მოვა!”, - წერს ზურაბიშვილი.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა - და ექსპერტულ მისიას ქმნის.
- ეს იქნება „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, - კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.
განცხადებაში, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სახელმწიფოები აცხადებენ, რომ "ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას".
24 სახელმწიფო მიუთითებს, რომ "როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები".
- ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ "სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ" ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
- 1990 წლიდან ეს მექანიზმი მე-17-დ გააქტიურდა და გამოყენებული იყო ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიცაა - რუსეთი, თურქმენეთი, ბელორუსი.
- ამ მექანიზმის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი დაინიშნება, რომელიც ანგარიშს მოამზადებს საქართველოზე.