საერთაშორისო გამოძიება ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგ - ითანამშრომლებს თუ არა „ოცნება“ ეუთოს მისიასთან

30.01.26 20:42
საერთაშორისო გამოძიება ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგ - ითანამშრომლებს თუ არა „ოცნება“ ეუთოს მისიასთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმს ეუთოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ საერთაშორისო გამოძიებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს 24 წევრი ქვეყნის მიმართვის მთავარი ადრესატი სწორედ საგარეო უწყებაა, "ოცნების" ხელისუფლებას ჯერ არ განუმარტავს, ითანამშრომლებს თუ არა ორგანიზაციის მიერ გამოგზავნილ საგამოძიებო მისიასთან.

ეუთოს ფაქტების დამდგენმა მისიამ საქართველოში უნდა გამოიძიოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევები, მათ შორის მოქალაქეების ცემა, დარბევა და წამების ნიშნების მქონე ქმედებები. ამ ეტაპზე უცნობია, მისცემს თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საერთაშორისო ექსპერტებს სრულფასოვანი მუშაობის შესაძლებლობას.

სპეციალურ მისიას, რომელმაც წარსულში რუსეთის მიერ ძალადობის მსხვერპლთა საქმეები გამოიძია, ახლა საქართველოს მოვლენების შესწავლა ევალება. სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო დღეს პარტნიორების მიმართ მწვავე განცხადებები გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც ეუთოს ნაბიჯს „ღია კარის მტვრევა“ უწოდა.

დამკვირვებლების შეფასებით, ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როდესაც დასავლელი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ვითარება სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ეუთოს მისია შეისწავლის მშვიდობიანი აქციების დროს უკანონო ძალის გამოყენების ფაქტებს, რაც შესაძლოა წამების კატეგორიასაც მიეკუთვნებოდეს.

ანგარიში, რომელსაც ეუთო გამოძიების დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს, სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება როგორც თავად ეუთოსთვის, ისე გაეროსა და ევროკავშირისთვის და სწორედ ამ დასკვნების საფუძველზე შეიძლება განისაზღვროს პარტნიორების შემდგომი რეაგირება საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.