უსამართლო კამპანიის გაგრძელებაა - კობახიძე „მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე
ეუთოს 24 წევრი ქვეყნის მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას ირაკლი კობახიძე „უსამართლობის გაგრძელებას“ უწოდებს.
„ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, „ასეთი ინიციატივის წარმდგენები ქართველი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან“.
„მთელი ამ წლების განმავლობაში წარიმართება უსამართლო კამპანია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს ამის გაგრძელებაა. აქაც ხედავთ, რომ ჩვენი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან ასეთი ინიციატივის წარმდგენები. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ამ ქვეყნებთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. იგივე ხაზის გაგრძელებაა, ამიტომ, ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო", - განაცხადა კობახიძემ.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა - და ექსპერტულ მისიას ქმნის.
- ეს იქნება „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, - კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.
განცხადებაში, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სახელმწიფოები აცხადებენ, რომ "ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას".
24 სახელმწიფო მიუთითებს, რომ "როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები".
- ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ "სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ" ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
- 1990 წლიდან ეს მექანიზმი მე-17-დ გააქტიურდა და გამოყენებული იყო ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიცაა - რუსეთი, თურქმენეთი, ბელორუსი.
- ამ მექანიზმის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი დაინიშნება, რომელიც ანგარიშს მოამზადებს საქართველოზე.