როგორ აღმოჩნდა "ქართუ ბანკის" ქონება ტაივანელი ნარკომოვაჭრის გარემოცვის ხელში

31.01.26 21:25
როგორ აღმოჩნდა "ქართუ ბანკის" ქონება ტაივანელი ნარკომოვაჭრის გარემოცვის ხელში

"პირიმზის" შვიდსართულიანი შენობა-ნაგებობა ორბელიანების მოედანზე და შუშის საყვავილე, საპრეზიდენტო რეზიდენციასთან - 3 ქვეყნის მიერ ძებნილი პირის გარემოცვას ეკუთვნის. მეტამფეტამინის შექმნისთვის დამნაშავედ ცნობილი კაცის, ტაივანელი მინგ ჩინ შუს ოჯახს, ერთი ობიექტი, "ქართუ ბანკმა" მიჰყიდა, მეორე კი ივანიშვილთან დაახლოებულმა, "ოცნების" ბიზნესმენმა დეპუტატმა, გიორგი ჭყონიამ მიჰყიდა.

2021 წელს საქართველოში შემოდის ინვესტორი, რომელიც ბიზნესწრეებს თომას შუს სახელით ეცნობა, აანონსებს ცათამბჯენების მშენებლობას აჭარაში, სპონსორობას ჰპირდება "ბათუმის დინამოს", ფრენბურთის ტურნირებს, საზაფხულო ფესტივალს და 100 ათასს ურიცხავს ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის შედეგად დაზარალებულებს. მის შესახებ სტატიებს ბეჭდავს სამთავრობო მედია და ხალხს აცნობს, როგორც მსხვილ ბიზნესმენს, რომელსაც საქართველო შეუყვარდა. საერთაშორისო გამოძიების თანახმად კი ეს კაცი რეალურად, კამბოჯელი თომას შუს ნაცვლად, ტაივანელი მინგ ჩინ შუ აღმოჩნდა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები ნარკოტიკების ვაჭრობის ბრალდებით ეძებენ.

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ძებნილი ნარკომოვაჭრე არ ჩანს. "პირიმზის" გამყიდველი "ბანკი ქართუა," მყიდველის გასწვრივ კი ხელს ,,ბიზნეს ცენტრი პირიმზის’’ დირექტორი, ჩინეთის მოქალაქე ჩენგ ია ვენი აწერს. საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კომპანიის დირექტორი, ძებნილი ნარკოდამნაშავის, მინგ ჩინ შუს მეგობარი ქალია. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ნასყიდობის გაფორმებისას, შპს-ს სწორედ მეტამფეტამინის დამამაზადებლის ძმა ფლობს. ძმისთვის წილების გადაფორმება კი, საქართველოში თომას შუს სახელით ჩამოსულმა კაცმა 2022 წელს დაიწყო. ჯამში 22 მილიონზე მეტის ღირებულების აქტივებზეა საუბარი. 

"შაბათის ეთერმა" მიაკვლია ხელშეკრულების კიდევ ერთ ფიგურანტს, მეტამფეტამინის დამამზადებლის მხარის მინდობილ პირს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი აღმოჩნდა. ადვოკატი ალექსანდრე თორია სახელმწიფო სამსახურში, ამ გარიგებიდან მალევე დაწინაურდა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, "ქართუ ბანკმა" ნარკოდანაშაულში ბრალდებულ პირთან დაკავშირებულ კომპანიას არა მხოლოდ ქონება გადაუფორმა. ბანკმა 3 ქვეყნის მიერ ძებნილ კამბოჯის მოქალაქის ძმაზე გადაფორმებულ შპს-ს, სოლიდური სესხიც მისცა. იპოთეკის ხელშეკრულება "ქართუსა" და მძიმე დანაშაულში ბრალდებულის ძმას შორის, ამ დრომდე ძალაშია.

"ქართუსი" იყო თბილისის ცენტრში მდებარე მინის ნაგებობაც, რომელიც მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, გიორგი ჭყონიას სახელზე გადაფორმდა. ჭყონიამ კი "პირიმზის" მსგავსად, საყვავილეც 3 მილიონ დოლარად და ფაქტობრივად იმავე პერიოდში გაყიდა. მყიდველი ისევ ძებნილი ნარკომოვაჭრის ძმის სახელზე გადაფორმებული კომპანიაა. ამ შემთხვევაშიც სესხი "ქართუ ბანკმა" გასცა.

მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი