ჩინური მანქანები ხალხის დასარბევად - რა იყიდეს საიდუმლო შესყიდვით
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ხალხის დასარბევად შეძენილი ახალი მანქანები ჩინეთში შეუკვეთეს - ჩინური წარმოებისსპეცტექნიკა შს სამინისტრომ საჯაროდ 2024 წელს გამოაჩინა. „სინოტრაკის“ წარმოების, აქციების დასაშლელად საჭირო ავტომობილები საიდუმლო ხელშეკრულებით შეიძინეს. პრეზენტაციაზე სადაც, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ახალი სპეც ტექნიკის შეძენაზე ისაუბრა, არ უთქვამს, რომ ეს სწორედ ის ჩინური წარმოების, აქციების დასაშლელად განკუთვნილი მანქანებია, რომელიც საეჭვო სპეციფიკაციებზე არა ერთი უცხოური გამოცემა წერდა.
„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბუთხუზია ხელმძღვანელობდა აქციების დასაშლელი ტექნიკის შესყიდვის პროცესს. 2024 წლის გაზაფხულის აქციების შემდეგ, სასწრაფო წესით სამინისტრომ სწორედ ბუთხუზის ჩართულობით ორი ჩინური „სინოტრაკი“ და ოთხი თურქული „თომა“ შეიძინა.
რატომ ჩინური მანქანები?
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი და ბრიტანული კვლევითი ფონდი Omega დეტალურად განმარტავენ, რატომ არის ჩინური მოდელი ევროპულ ანალოგებზე საშიში. „ვეშაპს“ ორი დამოუკიდებელი, ტყუპი ქვემეხი აქვს. წყლის ჭავლის წვდომა 70 მეტრს აღწევს. თუმცა მთავარი საფრთხე მის ავზებშია. ჩინურ წყლის ჭავლის მანქანას თითქმის ორჯერ მეტი ქიმიური ნივთიერების ტარება შეუძლია.
ჩინეთი საპოლიციო სპეციალურ აღჭურვილობას უმეტესწილად იმ ქვეყნებში ყიდის, სადაც ადამიანის უფლებების მდგომარეობა მძიმეა - Amnesty International-ის ინფორმაციით, ჩინეთი საპოლიციო აღჭურვილობები, 40-ზე მეტ აფრიკულ ქვეყნაში, სამხრეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში შეაქვს. ზუსტი მონაცემები ჩინეთს გასაიდუმლოებული აქვს, თუმცა მასშტაბური აქციების დარბევისას მედიამ ჩინური მაღალტექნოლოგიური წყლის ჭავლის მანქანების გამოყენება ხალხის პროტესტის წინააღმდეგ ვენესუელის გარდა ირანსა და ალჟირში დააფიქსირეს ახლა ამ სიას უკვე საქართველოც დაემატა.