გემის ნაწილები საქართველოს გავლით - სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება
"პირველებმა" იმ კომპანიის ფიქტიურ მფლობელს მიაგნო, რომელიც ფინელი გამომძიებელი ჟურნალისტების ინტერესის საგანი გახდა - საჯარო რეესტრის მონაცემებით, 22 წლის ნია შედანია ფლობს საქართველოში კომპანიას, რომელიც ფინეთიდან გემის ნაწილებს ჯერ ჩვენს ქვეყანში ეზიდება და შემდეგ რუსეთში გააქვს. სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ თბილისში, ორთაჭალაში რეგისტრირებული კომპანია "არნიკა თრეიდია" ის, ვინც რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება.
ის, რომ 22 წლის ბუღალტერი კომპანიის ფიქტიური მფლობელია ეს მამამ დაგვიდასტურა. ბადრი შედანია ამბობს, რომ მისი ქალიშვილი ამ კომპანიაში მარკეტინგის სამსახურში არის დასაქმებული.
ფინელი ჟურნალისტების გამოძიებით ირკვევა, რომ რუსეთს სასიცოცხლოდ სჭირდება ფინური ნაწილები გემებისთვის, სანქციების გამო ამ ნაწილებს ვერ იღებს, ამიტომ, პუტინის გარემოცვამ საიდუმლო გეგმა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, იყენებენ მათ შორის ქართულ კომპანიას, რომ ფინეთში ნაწილები იყიდოს, რეალურად კი გემების ეს ძრავები საბოლოოდ რუსეთში ხვდება. ერთ-ერთი მთავარი შუამავალი „არნიკა თრეიდია“. კომპანია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა, თბილისში, ორთაჭალაში გაუფორმეს ოფიციალური მისამართი, მაგრამ აქ რეალურად კომპანია არ არის, ბინა კი გაქირავებულია.
სწორედ თბილისში რეგისტრირებული "არნიკა თრეიდია" ის კომპანია, რომელმაც რუსეთში ერთ მილიონ ევროზე მეტის გემის ძრავის ნაწილები გაგზავნა. დანიშნულების ადგილებად სხვადასხვა ქვეყნებს უთითებენ. ერთადერთი კლიენტი რუსული ელიტ შიპინგია, რომელიც იმ კომპანიებთან თანამშრომლობს, ვინც რუსულ ნავთობს დაატარებს. თუ ქართული კომპანია რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება? - დღეს "ოცნების" პრემიერმა BBC-ის შემდეგ, ფინელ ჟურნალისტებსაც დაუწუნა სტანდარტი.
რუსული გემების მომარაგებაში ქართული კომპანიის როლი მხოლოდ ერთი ამბავია. საქართველო მაშველ რგოლად ოკუპანტი ქვეყნისთვის დიდი ხანია იქცა. მხოლოდ ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკაც საკმარისია. ძვირადღირებული მანქანები ევროპიდან და ამერიკიდან რუსეთში ხვდება, ოფიციალური მონაცემებით, მილიარდი დოლარის მანქანები ცენტრალური აზიის უღარიბეს ქვეყნებში მიდის, მაგრამ იქ არ ჩადის და რეალურად რუსეთში რჩება.
მას შემდეგ რაც რუსეთს ნავთობის გადამუშავების პრობლემა აქვს, გაჩნდა ახალი სქემებიც. მხოლოდ ბოლო ორ თვეში ყულევის პორტში ორი პარტია ნედლი ნავთობი შემოვიდა, ერთი კომპანია და ტანკერი მალევე დაასანქცირეს, მეორე სანქციების მოლოდინშია. მაგრამ არც ნავთობის, არც მანქანების ამბავი ოცნებაში არ აწუხებთ და კითხვასაც არ უჩენთ.