კობახიძის და პაპუაშვილის არასამთავრობო საქმიანობა - ყოფილი თანამოაზრეები "ოცნების" ლიდერების განცხადებებს ეხმიანებიან
„ოცნების“ პრემიერს მის წარსულს ის ადამიანები ახსენებენ, რომლებიც წლების წინ ირაკლი კობახიძესთან ერთად მესამე სექტორში მუშაობდნენ. მათი განცხადებით, მაშინდელი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდებოდა დასავლური ორგანიზაციების მხარდაჭერით გამართულ კონფერენციებს, დოკუმენტების მომზადებასა და საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას.
კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ვახტანგ ხმალაძე იხსენებს, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებზე მსჯელობა უცხოეთში, სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო კონფერენციებზე მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობდნენ ირაკლი კობახიძეც და შალვა პაპუაშვილიც. მისი თქმით, საუბარი ეხებოდა სწორედ იმას, თუ რა ტიპის ცვლილებები უნდა შესულიყო საქართველოს კონსტიტუციაში, რაც, მისივე შეფასებით, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ნიშნავს.
ეს კონფერენციები გაიმართა ბერლინში. მთლიანად იყო დაფინანსებული ჩვენი მგზავრობა, სასტუმროში ცხოვრება, კვება, ჩემიც, კობაიხძისაც, პაპუაშვილისაც. აქ იყო მსჯელობა იმაზე, თუ რა ცვლილებები და როგორი ცვლილებები შეიძლება, შევიდეს საქართველოს კონსტიტუციაში, მეტი რა გავლენის მოხდენა გინდათ?! ამაზე მეტი რაღაა კონსტიტუციის ცვლილება? იმ კონფერენციის მონაწილე ვიღაცას, ამ 8 წლიან შეზღუდვას დაუწესებენ, მაგრამ თავის თავზე იტყვიან, მე? მე არ მეხება, ბატონო, ეს, როგორც დღეს ამბობენ, - კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ვახტანგ ხმალაძე.
იურისტი და უფლებადამცველი საბა ბრაჭველი კი აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების დღევანდელი განცხადებები საკუთარ წარსულთან დაკავშირებით რეალობას აცდენილია. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი არა მხოლოდ თანამშრომლობდნენ არასამთავრობო სექტორთან, არამედ თავად ამზადებდნენ პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებს, რომლებიც საქართველოს საგარეო და საშინაო კურსს ეხებოდა.
შეუძლებელია, ღიმილის გარეშე მოისმინო ეს განცხადებები, რასაც ბატონო კობახიძე, ბატონი პაპუაშვილი აკეთებენ მათ წარსულთან დაკავშირებით. არათუ ისინი საქმიანობდნენ და თანამშრომლობდნენ არასამთავრობო სექტორთან, არამედ წერდნენ, აგერ, როგორც დღეს გამოვლინდა, პოლიტიკის შესახებ დოკუმენტებს. დოკუმენტებს, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის განსაზღვრას აღმოსავლეთ პარტნიორობასთან, მათი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებდნენ საქართველოს მთავრობას. ბატონი კობახიძის მიერ დაწერილ აი, ამ ნაშრომში არის ნახსენები, რომ უნდა გაიზარდოს არასამთავრობო სექტორის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ა.შ. ბატონი პაპუაშვილი კი იყო, რავიცი, 20 წლის განმავლობაში თანამშრომელი, მათი გაგებით, "უხოური ძალისა", პირდაპირი მსახური, პირდაპირ დაკონტრაქტებული პირი იყო უცხო ქვეყნის სამთავრობო დაწესებულებისა. ანუ, შეუძლებელია იმაზე ლაპარაკი, რო თითქოს, ეს კანონი რომ მაშინ ყოფილიყო, მათზე არ გავრცელდებოდა. გავრცელდებოდა, რა თქმა უნდა, რადგან კანონი, რომლის მიღებასაც ისინი აპირებენ, შეეხება ისეთ ადაიანებს, რომლებსაც, პირველ რიგში, აქვთ შემოსავალი რაღაც ტიპის კონტრაქტიდან, - ამბობს საბა ბრაჭველი.
მომავალი კვირიდან პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ახალი კანონების დამტკიცებით გახსნის. "ოცნება" ციხით ემუქრება ყველას, ვინც გრანტებს მათი თანხმობის გარეშე მიიღებს. გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტის ვებ გვერდზე უკვე ატვირთულია.
კანონპროექტი იხილეთ ბმულზე.
ამასთან, ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძე, წარსულში დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. 2000–2001 წლებში ის მუშაობდა USAID-ის საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონულ კოორდინატორად. მოგვიანებით, 2011–2012 წლებში, კობახიძე თანამშრომლობდა ღია საზოგადოება – საქართველოსთან, სადაც ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი იყო და მონაწილეობდა თვითმმართველობის მიმართულებით პროექტების შეფასებაში.