„ეს არ არის გაერთიანება, ეს არის საგანმანათლებლო ბრენდის გაქრობა“ - სტუ-ს პროფესორები

01.02.26 11:56
„ეს არ არის გაერთიანება, ეს არის საგანმანათლებლო ბრენდის გაქრობა“ - სტუ-ს პროფესორები

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები "ოცნების" გადაწყვეტილებას ორი უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე, მკაცრად აკრიტიკებენ. 

სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია დახურულად, პროფესიული კონსულტაციების, საჯარო განხილვისა და სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე, რაც მათ შეფასებით, საფრთხეს უქმნის როგორც უნივერსიტეტების ავტონომიას, ისე მრავალწლიანი საგანმანათლებლო ტრადიციის შენარჩუნებას.

ასე შეიძლება, ხვალ ყველას გამოუცხადონ, რომ "თქვენ ხართ გაუქმებული". რის საფუძველზე? რომელი კანონის? რომელი არგუმენტების? რომელი გამოკითხვის? სად იმსჯელებთ? ვის ჰკითხეთ? ვის შეუთანხმეთ? რომელი აზრთა სხვადასხვაობა იყო? სად წარმოიშვა ეს იდეა? გვითხრან, კაცო, 16 იანვარს მინისტრი აქ იყო და დარწმუნებული ვარ, მაგ კაცმაც არ იცოდა არაფერი ალბათ. გვაქეს, გვადიდეს, გადაირივნენ და მერე წავიდნენ და უეცრად გამოაცხადეს ეს. საოცარი ამბავია პირდაპირ. ჩვენ ვართ, სადაც ვართ, სადაც უნდა ვიყოთ იქ. ვიღაცას უნდა, რომ ეს წამართვას და მოდი, დამიმტკიცოს მაშინ, რატომ გვართმევს, რა ვერ შევასრულე? შენ თუ ჩემი გაუმჯობესება გინდა, მომდი, შე დალოცვილო და გამაუმჯობესებინე, - ამბობს პროფესორი.  

აკადემიური სფეროს სხვა წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რეფორმა, რომელიც დარგის სპეციალისტების ჩართულობის გარეშე ტარდება, თავიდანვე წარუმატებლობისთვის არის განწირული. 

ყველა რეფორმა, რომელიც კი ტარდება დარგის სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე, ის არის განწირული. ერთი კვირის წინ პრემიერმა და განათლების მინისტრმა მოგვილოცეს 104 წლის იუბილე და წარმატებები გვისურვეს. წარმატება თუ იყო გაუქმება, არ ვიცოდი, მაგრამ უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ ერთი წლის წინ მივიღეთ 7 წლიანი ავტორიზაცია. ანუ, პრაქტიკულად, თუკი ჩენ რამე არასწორად გავაკეთეთ, თუ უნივერსიტეტი არ აკმაყოფილებდა სტანდარტს, მაშინ რატომ არ შეგვიჩერეს ავტორიზაცია?, - ამბობს აკადემიური სფეროს წარმომადგენელი. 

კიდევ ერთი პროფესორის შეფასებით, საუბარი არ არის უბრალო ადმინისტრაციულ ცვლილებაზე, არამედ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ ბრენდს რეალურად აქრობს. 

ეს არ არის უბნის მაღაზია, რომ ერთ დღეში დახურო. ეს არის ასწლოვანი ტრადიციის მქონე უნივერსიტეტი. ეს არ არის, ჩემი აზრით, გაერთიანება, ეს არ არის არც მიერთება, არამედ ეს არის რეალურად, საგანმანათლებლო ბრენდის გაქრობა ბაზრიდან, - ამბობს კიდევ ერთი პროფესორი.  

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.