ადვოკატები: "ოცნების" დაანონსებული ცვლილებები ჩვენს პროფესიულ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის
01.02.26 15:57
გაზიარება
ადვოკატები "ოცნების" იმ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, რომლის თანახმადაც, იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი სტატუსიდან "ოცნების" პრემიერ-მინისტრისადმი ანგარიშვალდებულ სტრუქტურად ყალიბდება.
ადვოკატები აცხადებენ, რომ "ოცნების" ხელისუფლების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხეს უქმნის ადვოკატთა პროფესიულ დამოუკიდებლობას და ქმნის პოლიტიკურ ზეწოლის მექანიზმებს.
ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე ცვლილებები ადვოკატთა კორპუსისთვის სერიოზული განგაშის სიგნალია და კოლეგებს აქტიურ მოქმედებებზე მოუწოდებს. მისი თქმით, პროცესი შესაძლოა დასრულდეს იმით, რომ კრიტიკული პოზიციის მქონე ადვოკატებს ლიცენზიის შეჩერების საფრთხე დაემუქროთ.
დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია დადგა იმ საფრთხის წინ, რომ ჩვენ იუსტიციის მინისტრი მოგვცეს ლიცენზიებს. აბა, რაში სჭირდება ირაკლი კობახიძეს, ხალხო, დაქვემდებარებაში? ეს ხომ პირველი ნაბიჯია და მე ვფიქრობ, რომ ადვოკატთა კორპუსი უნდა გამოფხიზლდეს, უნდა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან. არ უნდა იფიქროს იმაზე, რომ "მე არ მეხება". ყველას შეეხება. თუ ადვოკატი ხმას ამოიღებს და იტყვის, რომ პირი არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული, იმ ადვოკატს ლიცენზიას შეუჩერებს იუსტიციის სამინისტრო. ეს ხდება რუსეთში, ეს ხდება ყაზახეთში, ეს ხდება ბელარუსში, ეს მოხდება საქართველოში, - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.
ადვოკატ კახა კოჟორიძის თქმით, როდესაც სტრუქტურა პარლამენტის ნაცვლად მთავრობის მეთაურს ექვემდებარება, დამოუკიდებლობის პრინციპი მნიშვნელოვნად სუსტდება.
რა თქმა უნდა, ეს არის განგაში სიგნალი, რომ ამ ორგანიზაციაში დასაქმებული ადვოკატები, რომლებიც ძალიან კვალიფიციურები არიან და თქვენ იცით, რომ არაერთ საქმეზე ისინი, მათ შორის, თავისუფლად გამოთქვამე და აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, ისინი რაღაცნაირად გახადონ ანგარიშვალდებული არა პარლამენტის და იმაზე კი არ იყოს ხაზგასმა, რომ ეს სამსახური და იქ მომუშავე ადამიანები დამოუკიდებლები არიან, არამედ ექვემდებარებან პრემიერს და პრემიერს თუ ექვემდებარებიან, მათ შეიძლება, დაკარგონ ეს თავისუფლება, - ამბობს კახა კოჟორიძე.
ადვოკატი დათა კუპრავა კი აცხადებს, რომ გაურკვეველია, რა უფლებები დარჩებათ მომავალში სახელმწიფოსადმი დაქვემდებარებულ ადვოკატებს. მისი შეფასებით, არსებული პირობები ქმნის რისკს, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ადვოკატის ლიცენზია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
კაცმა არ იცის, რის უფლებას მისცემენ მერე სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ადვოკატს და რის უფლებას არ მისცემენ და მაშინ, თუ ასეთი ადვოკატი არ დაემორჩლება მათ მიერ წამოყენებულ პირობებს, მისი ლიცენზიაც შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, - ამბობს დათა კუპრავა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი სტატუსიდან "ოცნების" პრემიერ-მინისტრისადმი ანგარიშვალდებულ სტრუქტურად ყალიბდება. ცვლილების შედეგად, სამსახურის ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს პარლამენტის ნაცვლად ირაკლი კობახიძე-ს წარუდგენს, ხოლო დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება ასევე "ოცნების" პრემიერ-მინისტრს მიენიჭება. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა.