უნივერსიტეტების გაერთიანება გარდაუვალია - სამინისტროს პასუხი პროტესტის მონაწილეებს
სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანება გარდაუვალია - ასე პასუხობს განათლების სამინისტრო პროტესტის მონაწილეებს - სტუდენტებს და პროფესორებს.
გივი მიქანაძე 4 წუთიან ვიდეომონოლოგში ამტკიცებს, რომ აკადემიური პერსონალი ქუჩაში არ დარჩება - ნაწილი ლექტორად გააგრძელებს მუშაობს, მეორე ნაწილი ადმინისტრაციულ პოზიციებზე გადაინაცვლებს.
სწორედ ამ კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მოხდეს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანება. განსაკუთრებით, ეს ეხება ორ ჰაბს, რომელიც კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება, ეს არის თბილისი და ქუთაისი, სადაც მოხდება ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში პრინციპის დაცვა. ამ პრინციპს ემსახურება, რომლითაცს ახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ორი ყველაზე დიდი ფლაგმანი უნივერსიტეტი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს რეორგანიზაციის საფუძველზე.
იქ, სადაც გვაქვს მსგავსი პროგრამები ამ უნივერსიტეტებს შორის, მოხდეს პროგრამების დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება ისე, რომ არცერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა, მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ასევე გადანაწილდნენ გარკვეულ ადინისტრაციულ პოზიციებზე, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
გივი მიქანაძემ ასევე დააანონსა, რომ შეიქმნება ახალი, წამყვანი პროფესორის პოზიცია, კანდიდატურები კი საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან.
ჩვენ შემოგვაქვს ახალი პოზიცია, ეს არის წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც დამატებიტი პოზიციაა და არ ჩაანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას. მოქმედი პოზიციები შენარჩუნებული იქნება და მას დაემატება წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით ღია, საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს. მოხდება დროებითიო მმართველი ორგანოს, საბჭოს შექმნა, რომელიც მინისტრის ბრძანებით შეიქმნება და ამ საბჭოში პარიტეტის დაცვით, თანაბარ უფლებამოსილებით, წარმოდგენილი იქნებიან როგორც თსუ-ს, ასევე სტუ-ს წარმომადგენლები და სწორედ ისინი ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, განახორციელებენ რეორგანიზაციას, - განაცხადა "ოცნების" მინისტრმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ აკადემიური სფეროს წარმოამდგენლები.