სტუდენტები კობახიძეს დებატებში იწვევენ - დათანხმდება თუ არა "ოცნების" პრემიერი შეთავაზებას?
საუკუნოვანი უნივერსიტეტების გაერთიანება, ფაქტობრივად, გარდაუვალი ხდება. არსებული პროცესებიდან ირკვევა, რომ პროფესორებთან გამართული კონსულტაციები ფორმალურ ხასიათს ატარებს და აკადემიური წრეების წინააღმდეგობა "ოცნების" გუნდის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ახდენს.
საწყის ეტაპზე დაგეგმილია მსგავს საგანმანათლებლო პროგრამათა ერთ კომპონენტად გაერთიანება. განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე, ირწმუნება, რომ აღნიშნული ცვლილებები აკადემიური პერსონალის გათავისუფლებას არ გამოიწვევს, თუმცა უცნობია, პრაქტიკაში როგორ მოხდება ფაკულტეტების შერწყმა კადრების შემცირების გარეშე.
ამასთან, არსებული აკადემიური იერარქია „ქართული ოცნებისთვის“ არასაკმარისი აღმოჩნდა. სრული, ასოცირებული და მოწვეული პროფესორების პარალელურად, იგეგმება ახალი პოზიციის - წამყვანი პროფესორის შემოღება, რომელიც უახლოეს თვეებში ღია საჯარო კონკურსის გზით შეირჩევა. აღნიშნულ პროფესორს კი მიმართულებების ხელმძღვანელი პროფესორების შერჩევის უფლებამოსილება ექნება.
აღსანიშნავია, რომ 24 საათიც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც 104-წლიანი ისტორიის მქონე, ფაქტობრივად, დასახურად გამზადებული უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე, ამტკიცებდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ იყო. გურგენიძემ „პირველებთან“ საუბრისას ფრთხილი ოპტიმიზმიც გამოთქვა, თუმცა ეს პოზიცია განათლების მინისტრის განცხადებამ სულ რამდენიმე წუთში გააქარწყლა.
პარალელურად, ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევენ სტუდენტები. ახალგაზრდები ამბობენ, რომ "ოცნების" პრემიერთან კითხვები აქვთ, რომლებიც პასუხებს საჭიროებს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.