ივანიშვილის ფილოსოფოსად მიჩნეულმა შათირიშვილმა ტრამპი “ომის პარტიის მთავარ წარმომადგენლად” გამოაცხადა
ივანიშვილის პირადი ფილოსოფოსი ტრამპს „ომის პარტიის მთავარ წარმომადგენლად“ აცხადებს. ზაზა შათირიშვილი წერილში წერს, რომ ირანის ირგვლივ უკიდურესი დაძაბულობაა შექმნილი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანას სამხედრო დარტყმებით ღიად ემუქრება.
ავტორის თქმით, გლობალურ პროცესებში მნიშვნელოვანი როლი აქვთ ოლიგარქიულ ოჯახებს, რომლებიც საერთაშორისო პოლიტიკაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე საზოგადოებისთვის მოდელირებული რეალობის შექმნას ცდილობენ.
უკიდურესი დაძაბულობა ირანში - დღეს დონალდ ტრამპი ირანს ყოველგვარი შეფარვის გარეშე, სამხედრო დარტყმებით ემუქრება, რომლის შედეგებიც, სავარაუდოდ, უფრო დამანგრეველი იქნება, ვიდრე 2025 წლის ივნისში ჩატარებული ოპერაციები.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი დიპლომატიის ნაცვლად - ხისტ, უხეშ ძალას იყენებს და ომის ხელშემწყობი და გამჩაღებელი უფროა, ვიდრე "მშვიდობის მტრედი“. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად ტრამპი და მის უკან მდგომი ოლიგარქიული ოჯახები მსოფლიოს მართვას წლებია ორუელისეული ფორმულების დამკვიდრებით ცდილობენ, რომლის მიხედვითაც ომი - მშვიდობაა, მონობა - თავისუფლება, უმეცრება - ძალა. ამ ფორმულების გათვალისწინებით, აგრესიისა და ძალადობრივი პოლიტიკის გატარებით გამორჩეული დონალდ ტრამპი დიახაც, რომ "მშვიდობის მტრედია“, რადგან ხშირად გადამწყვეტი არა თავად სიმართლე, არამედ ის ფორმა და გზაა, რომლითაც ინფორმაცია ადამიანებამდე მიდის.
მაგრამ, რეალობა ხომ სულ სხვაგვარია?!
მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქიული ოჯახები და დონალდ ტრამპი სწორედ ამ ფორმულებით შექმნილი მოდელირებული რეალობის დამკვიდრებას ცდილობენ, ფაქტებს ვერსად გაექცევიან: ფაქტია, რომ დონალდ ტრამპი დღეს ომის პარტიის მთავარი წარმომადგენელია; ფაქტია, რომ ის პირდაპირ ახალისებს ძალადობას და უკანონობას; ფაქტია, რომ მან სრულად გააუფასურა საერთაშორისო სამართალი; ფაქტია, რომ მან და მის უკან მდგომმა ძალებმა ზოგან ხელოვნურად გააღვივეს, ან გამოიგონეს ახალი კონფლიქტი, ზოგან არსებულ კონფლიქტებზე დაასხეს ცეცხლზე-ნავთი, ზოგან კი უკვე დასრულებული კონფლიქტების დასრულება მიიწერეს დამსახურებად.
ეს ყველაფერი ისეთივე უტყუარი ფაქტია, როგორც ის, რომ "დიფ სტეიტის“ მიერ მართული ევროპა ადრე თუ გვიან სწორედ კორპორაციული მმართველობის ხელში გადავა, რისი უტყუარი დასტურიც მსოფლიომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იხილა, ფორუმზე, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები - ოლიგარქიული ოჯახების ხელში არსებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტრუმენტის - კორპორაცია BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობდა...
წერილის ბოლოს მინდა მცირე შეჯამება გავაკეთო - ილუზორულად გვაჩვენებენ, თითქოს უკრაინა და რუსეთი რაღაც სამშვიდობო გეგმისკენ მიდიან და თითქოს ტრამპს ამაში დიდი წვლილი აქვს... ისმის კითხვა, თუ რაში სჭირდება ეს მორიგი აფერა "დიფ სტეიტს"? ოჯახები დროის მოგებას ცდილობენ, მშვიდობის მოლოდინში ახალ ომს ამზადებენ, იქამდე კი პროცესიდან ამერიკის სრულად ჩამოშორება აქვთ განზრახული.
ფაქტი ერთია - იმდენად კარგად დაალაგეს ოლიგარქიულმა ოჯახებმა ეს ომი, იმდენად კარგი კოორდინაცია აქვთ როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, იმდენად კარგი ილუზია შექმნეს, თითქოსდა ბუნებრივი დაპირისპირების - მადა გაეზარდათ და ახლა ამ ომში აუცილებლად ჩართავენ ევროპას, ოღონდ როგორც ვთქვი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ-ს გვერდზე გაწევენ და სრულად ჩამოაშორებენ ფორმალურ პასუხისმგებლობებს.
ამ ფონზე მინდა მივმართო "ქართულ ოცნებას" - ის სიმართლე, რასაც მე საზოგადოების ინფორმირებისთვის ვაქვეყნებ - კარგად იციან ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა. ვფიქრობ, მათ უნდა დაასრულონ სირაქლემის პოზაში ყოფნა, გამოვიდნენ და საჯარო ტრიბუნიდან საზოგადოებას უნდა უთხრან რეალობა, რაც უნდა მძიმე და რთულად მოსასმენი იყოს ის ზოგიერთებისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საზოგადოება შეძლებისდაგვარად მომზადებული შეხვდეს იმ უბედურებას, რაც მაღალი ალბათობით ჩვენ გარშემო შეიძლება დატრიალდეს - ვგულისხმობ ევროპის ფართომასშტაბიან ომში ჩართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც პროცესები ზუსტად ისე განვითარდება, როგორც მე ვამბობ - ხალხის არაინფორმირებულობაზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას დაეკისრება" - წერს შათირიშვილი.