ევროსაბჭოს კომისარი „ოცნებას“ მოუწოდებს, გრანტების კანონში ცვლილებები არ მიიღოს

02.02.26 14:27
ევროსაბჭოს კომისარი „ოცნებას“ მოუწოდებს, გრანტების კანონში ცვლილებები არ მიიღოს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ოფლაერტი შეშფოთებას გამოთქვამს გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და „ოცნებას“ მოუწოდებს, არ მიიღოს.

კომისრის შეფასებით, მმართველი პარტიის მომზადებული ცვლილებები ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და  ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესში საზოგადოების მონაწილეობას.

„შეშფოთებული ვარ შვიდ სხვადასხვა კანონში შემოთავაზებული ცვლილებებით, რომლებიც მიღების შემთხვევაში, მნიშვნელოვან შეზღუდვებს დაუწესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ეს წინადადებები შეუსაბამოა საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებთან — უზრუნველყოს გაერთიანების თავისუფლების უფლება. მე ვთხოვ პარლამენტს, უარყოს ეს ცვლილებები, ხოლო ხელისუფლებას — დაადასტუროს თავისი ერთგულება სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ“, — აცხადებს მაიკლ ოფლაერტი.

მისი თქმით, “ქმნის რისკს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩვეულებრივი და ლეგიტიმური საქმიანობა სახელმწიფოს მხრიდან დაუმსახურებელი კონტროლის ქვეშ მოექცეს“.

„ეს ცვლილებები აძლიერებს 2024 წლიდან მიღებულ შეზღუდვების მომცველ კანონებსა და რეგულაციებს, რომლებმაც სერიოზული ზიანი მიაყენეს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში. როგორც ახლახან აღვნიშნე, ეს კანონები აჩენს სერიოზულ კითხვებს მათი კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის თაობაზე, ისევე როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან, რომელიც განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებში“, — აცხადებს ოფლაერტი.