8 თვე საბედისწერო გასროლიდან - თორნიკე რიჟვაძე დუმს, არ საუბრობენ მისი გარემოცვის წევრები
კაცი, ვის სახლშიც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელზე საუბარს აღარ აპირებს. ალეკო ახვლედიანი არ ასახელებს მიზეზს, რის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება. საბედისწერო გასროლის გამო ახვლედიანს ბრალდებულის სტატუსი აქვს. მეოთხე თვეა, რაც იარაღის დაუდევრად შენახვის საქმეზე სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით არის გადადებული.
ის, რომ თორნიკე რიჟვაძეს გამოძიებისთვის არცერთი სიტყვა არ უთქვამს იცის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორის ადვოკატმა. ლალი აფციაური "პირველებთან" ინტერვიუში ვარაუდობს, რომ ახვლედიანის პროცესის გადადების მიზეზი ჩვენებაა, რომელიც პროკურატურამ ამ დრომდე ვერ მიიღო.
საბედისწერო გასროლიდან 8 თვის თავზეც საზოგადოებამ არ იცის, რამ ან ვინ მიიყვანა თვითმკვლელობის მცდელობამდე თორნიკე რიჟვაძე. 8 თვე გავიდა საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ამბის შემდეგ, თუმცა კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. "პირველებმა" გავარკვიეთ, რომ პროკურატურა ახვლედიანის სისხლის სამართლის საქმეზე რიჟვაძის გამოკითხვას საერთოდ არ აპირებს. საქმის პროკურორმა გვითხრა, რომ რიჟვაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.