ვინ დგას ტრამპის ლანძღვის უკან რეალურად?
გუნდში ჯერ დაბნეულობაა - "ქართულ ოცნებაში" არ იციან, რით გამოეხმაურონ კაცს, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის აზრებს ახმოვანებს. არადა ეს კაცი ამბობს, რომ დონალდ "ტრამპი არა ომების შემჩერებელი, არამედ ომების მთავარი გამჩაღებელია". ივანიშვილის პირად ფილოსოფოსად მიჩნეულმა შათირიშვილმა დღეს მორიგი ნააზრევი გაავრცელა და ტრამპს ომის პარტიის ლიდერობა დააბრალა. მეტიც, დაწერა, რომ "ტრამპს არათუ არსებული ომების დასრულება არ სურს, არამედ ახალი ომის დაწყებაც აქვს გეგმაში". ასე ღია შეტევამ ოცნებაში გაუგებრობა გამოიწვია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ივანიშვილის პირადმა ფილოსოფოსმა სამიზნეში მას შემდეგ ამოიღო, რაც შეერთებულმა შტატებმა 3 იანვარს ვენესუელას დედაქალაქში საუკუნის სპეცოპერაცია ჩაატარა. კარაკასიდან მოტაცებული და მანჰეტენის სასამართლოს წინაშე წარდგენილი ნიკოლას მადურო ქართული ოცნებისთვის წითელი ხაზი აღმოჩნდა. ამ ყველაფერს დაემატა ტრამპის ხისტი პოლიტიკა და მუქარები აიათოლა ხამენეის წინააღმდეგ.