ადვოკატის დამოუკიდებლობა არანაირი რისკის ქვეშ არ დგას - ირაკლი ყანდაშვილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ყანდაშვილი აცხადებს, რომ ადვოკატის დამოუკიდებლობა არანაირი რისკის ქვეშ არ დგას.
დღეს "ქართული ოცნების" პარლამენტში განიხილეს საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, იურიდიული დახმარების სამსახური ირკლი კობახიძის ანგარიშვალდებული ორგანო ხდება.
კომიტეტზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავარი პროკურორის საბჭოში ჩართულობის საკითხზე.
ყანდაშვილის თქმით, არსებობს ინტერესთა კონფლიქტის რისკი, რის გამოც საკითხი დამატებით დაზუსტდება მეორე მოსმენისას.
„ადვოკატთა ასოციაცია, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ ამ პროცესში ვიყოთ ჩართული. ჩვენი მიმართვა იქნა მიღებული და ჩავერთეთ მოსმენაში. მე, როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კომიტეტის წევრებს გავუზიარე გამოწვევები, რაც ასოციაციაში გვაქვს - უმნიშვნელოვანესი ყოველთვის იყო და დარჩება ადვოკატის საქმიანობის დამოუკიდებლობა. ადვოკატის დამოუკიდებლობა არანაირი რისკის ქვეშ არ დგას და ამას რამე ცვლილება არ განაპირობებს, ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო საქართველოს მთავარი პროკურორის ჩართულობა საბჭოში, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით არის ინტერესთა კონფლიქტის რისკი. პირველ მოსმენაზე აზრი გავცვალეთ და მეორე მოსმენისას საკითხი დაზუსტდება. ჩვენ კომიტეტს შევთავაზეთ იურიდიული დახმარების სამსახური ჩაერთოს მათი წარმომადგენლის კვოტით.
ასევე, კომიტეტს გავუზიარეთ ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად სწორია შემოთავაზებული ცვლილებით დირექტორს მხოლოდ იურიდიული განათლების წინაპირობა და ხომ არ არის სწორი ადვოკატი იყოს, რომელსაც აქვს ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ სამსახურთან დაკავშირებით. ჩვენი საზრუნავი იქნება ადვოკატის საქმიანობა იყოს ხელშეუხებელი და დამოუკიდებლობის პრინციპი იყოს დატოვებული ყოველგვარი რისკის გარეშე“,- განაცხადა ყანდაშვილმა.