რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე
"შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს: სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სამყაროში, სადაც "ტრადიციული მარშრუტები არაა სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება".
კითხვა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, ეხება არა ტრანსფორმაციას, რაც ცხადად ხდება, არამედ რეალური კითხვა ის არის, თუ როგორ ვუპასუხებთ მას; როგორ უნდა შევქმნათ სავაჭრო სისტემა, რომელიც საკმარისად მდგრადია გეოპოლიტიკური შოკების დასაძლევად და თან საკმარისად ღიაა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არაა სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება. ფრაგმენტებად დაშლილ გლობალურ ეკონომიკაში, ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ განხეთქილებების დაძლევა, ფასდაუდებელი ხდებიან, ხოლო გაურკვევლობის ეპოქაში, თავად სტაბილურობა სტრატეგიული აქტივია.
მსოფლიოს არა ნაკლები ვაჭრობა უფრო მდგრადი ვაჭრობა სჭირდება. მას არ სჭირდება იზოლაცია, მას სჭირდება ინტელექტუალური დივერსიფიკაცია. მას არ სჭირდება მხარის არჩევა - მას საიმედო დამაკავშირებელი ხიდები სჭირდება.
ამ მოცემულობას შუა დერეფანთან მივყავართ, რომელიც აღარ არის უბრალოდ ვარიანტი, ის უკვე გლობალური ვაჭრობის აუცილებელი პირობაა.
შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს: სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს," - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სავაჭრო დავებმა და პოლიტიკურმა უთანხმოებებმა ოდესღაც სტაბილურ ურთიერთობებში გაურკვევლობა შეიტანა.
გავიაზროთ, რა დაემართა გლობალურ ვაჭრობას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩრდილოეთის დერეფნები, რომლებიც ოდესღაც ეფექტურად ახორციელებდნენ საქონლის გადაზიდვას ევროპასა და აზიას შორის, მნიშვნელოვნად დაზარალდა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო; მიწოდების ჯაჭვები, რომელთა შენებას ათწლეულები სჭირდებოდა, ერთ დღეში ჩამოიშალა; ბიზნესები, რომლებიც ეფექტურობის გაზრდას გეგმავდნენ, მოულოდნელად აღმოჩნდნენ გადარჩენისთვის ბრძოლის რეჟიმში.
აღმოსავლეთით თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ წყნარი ოკეანის სავაჭრო მარშრუტები სულ უფრო პოლიტიზებულია დიდი სახელმწიფოების დაძაბულობის გამო. ტარიფებმა, სანქციებმა და სტრატეგიულმა გამიჯვნებმა ის, რაც ოდესღაც მსოფლიოში ყველაზე დინამიკური კომერციული ურთიერთობა იყო, რთულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებად აქცია. ყველაზე ტრადიციული პარტნიორობებიც კი უპრეცედენტო უთანხმოების წინაშე დგანან. სავაჭრო დავებმა და პოლიტიკურმა უთანხმოებებმა ოდესღაც სტაბილურ ურთიერთობებში გაურკვევლობა შეიტანა.
ეს არ არის ის ეკონომიკური გლობალიზაცია, რომელიც ადრე გვესმოდა. ახლა შევდივართ პირველ ფაზაში, სადაც გეოგრაფია კვლავ მნიშვნელოვანია, სადაც სტაბილურობა კონკურენტულ უპირატესობად იქცევა და სადაც ურთიერთობების შენარჩუნების უნარი დიპლომატიური ხიბლი კი არა, ეკონომიკური აუცილებლობაა," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე მტკიცებით, 2021-დან 2025 წლამდე საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9.3 პროცენტით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ვაჭრობა შენელდა და გაურკვევლობა გაძლიერდა.
იმ დროს, როდესაც ბევრი იძულებული იყო რეაგირება მოეხდინა, საქართველომ ამბიციური პროექტების დაგეგმვა გადაწყვიტა.
ტრანსპორტი და ლოგისტიკა ეროვნული ეკონომიკის ხერხემალს ქმნის და ვაჭრობაზე ორიენტირებულ განვითარებას უჭერს მხარს. საქართველომ 7 მილიარდი დოლარი გამოყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყოვლისმომცველი განახლებისთვის და კაპიტალურ ხარჯებზე ყოველწლიურად ვხარჯავთ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7-8 პროცენტს. დავასრულეთ ჩვენი ძირითადი სარკინიგზო ქსელის სრული მოდერნიზაცია, გავაორმაგეთ გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შევამცირეთ ტრანზიტის დრო ქვეყნის მასშტაბით. სარკინიგზო კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის შედეგად, რომელიც საქართველოს გავლით უზრუნველყოფს პირდაპირ და საიმედო სარკინიგზო კავშირს კასპიის აუზსა და საერთაშორისო ბაზრებს შორის," - თქვა მან.