"ოცნების" დეპუტატი კრიტიკოსებს: ძაღლი ყეფავს, ქარავანი მიდისო

03.02.26 13:31
"ოცნების" დეპუტატი კრიტიკოსებს: ძაღლი ყეფავს, ქარავანი მიდისო

 

 

"ძაღლი ყეფავს ქარავანი მიდისო" - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" წევრი, ლევან მახაშვილი კრიტიკას, რომელიც "გრანტების შესახებ" კანონში იინიცირებულმა ცვლილებებმა გამოიწვია. 

  • დღეს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე "ქართული ოცნება" "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებს განიხილავს. 

ლევან მახაშვილის თქმით, კანონში მოექცევა ნებისმიერი აქტივობა, თუნდაც პირადი გადარიცხვები, რომლის "ბოლოც პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენაა".

ძაღლი ყეფავს ქარავანი მიდისო, როგორც იტყვიან. ჩვენი მიზანი არ არის ვირაცის გულის მოგება, ჩვენი მიზანია საქართველოში კანონმდებლობის იმგვარად მოწესრიგება, რომ პოლიტიკაში უკანონო ფულის ბრუნვა თავიდან ავირიდოთ. 

კანონში მკაფიოდ წერია რა იგულისხმება, ნებისმიერი აქტივობა, თუნდაც პირადი გადარიცხვები, თუ ამისი საბოლოო მოტივაცია და ამოსავალი წერტილი არის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა. ამიტომ, ნებისმიერი ფორმით, ამას არ აქვს მნიშვნელობა, პარტიებს შეწირავენ, თუ სხვა რაღაც ფორმით გააკეთებენ, მთელი ამ კანონმდებლობის არსი ის არის, რომ  შეიქმნას ის ქოლგა, ჩარჩო, რომელიც გარკვეულწილად მოაქცევს ამ პროცესებს სამართლებრივ პროცესში," - განაცხადა ლევან მახაშვილმა. 

28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ "ქართულ ოცნებას" ცვლილებები შეაქვს გრანტების შესახებ კანონში. ივანიშვილის გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტით, გრანტების კანონის დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს.  

კანონპროექტს საქართველოში "ხალხის დადუმების" კანონი უკვე უწოდეს. საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი ამბობს, რომ სახეზეა "აზრის კრიმინალიზაციის" მცდელობა.