ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია 14 წევრით განისაზღვრა
სასურსათო პროდუქციის ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია, რომელიც ფასების ზრდაზე იმსჯელებს, 14 წევრით განისაზღვრა.
- საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები დაადგინა.
14 წევრიდან ფრაქციას „ქართული ოცნება“ 7 წევრი ეყოლება, ფრაქციას „საქართველოსთვის“ - 3 წევრი, პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ - 3 წევრი და პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ - ერთი წევრი.
კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. ხოლო დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს უახლოეს სხდომაზე პარლამენტის ბიურო დაამტკიცებს.
დღეს "პირველებმა" პარლამენტში ოცნების წევრებს ჰკითხა, რატომ არ დაინტერესდნენ ფასებით წინა წლებში და რატომ არ დაგდა ეს საკითხი დღის წესრიგში აქამდე:
ბიზნესის განვითარების თავისუფლება არის ძალიან პრიორიტეტული და ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც კი მოხდა დადგენა, რომ მაგალითად, ერთი და იმავე სუპერმარკეტის დასახელებაში, საფრანგეთი იქნება თუ სხვა ქვეყანა, კონკრეტულ პროდუქტს აქვს სამმაგად და ოთხმაგად ნაკლები ფასი, როცა საქართველოში ის პროდუქტი არის 4-ჯერ უფრო ძვირი, ცხადია ჩვენი ვალდებულება იყო შესაბამისი რეაგირება მოგევხდინა ამ საკითხმა. პრემიერმა ინიციატივა დააყენა და ცხადია ის განხორციელდა.
ის, რა არის მთავარი პრობლემა გამოიკვეთება მას მერე, რაც კომისია დაასრულებს მუშაობას. მთავარი პრობლემა არის არა ქეშბეკი, არამედ ფასნამატი. და ის ფასნამატი რისგან შედგება, ის იქნება ზუსტად განსაზღვრული. იქნება შესაბამისი სივრცეები მოძებნილი, რითაც მოხერხდება, რომ ფასებმა ლოგიკურ ნიშნულამდე დაიწიოს ", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
"პირველებმა" ასევე კითხვები დაუსვა გრეტა წიწავასაც და ჰკითხა, ფიქრობს თუ არა ისიც, რომ მაგალითად "წიწიბურას და კარაქის ფასის გაზრდის უკან კარტერული გარიგება იმალებოდეს"?
ვნახოთ, ყველაფერი კომისიაზე იქნება ღია, გამჭვირვალე, კითხვებზეც გასცემენ პასუხს და ვინც წიწიბურის დისტრიბუციითაა დაკავებული ის გასცემს ამ კითხვაზე პასუხს", - განაცხადა წიწავამ.