პროკურატურა ვაგონსარემონტო ქარხანაში შევიდა

04.02.26 13:06
პროკურატურა ვაგონსარემონტო ქარხანაში შევიდა

"პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა ვაგონსარემონტო ქარხანაში შევიდა. საგამოძიებო მოქმედებები ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნაში გუშინ, 3 თებერვალს ჩატარდა.

კომპანიაში, რომელიც მეტროს ვაგონებს არემონტებს, დალუქულია კაბინეტები, წაღებულია ფინანსური დოკუმენტაცია და ჩატარებულია გამოკითხვების სერია. 

კომპანიის დირექტორი, გელა ძიძიკაშვილი მედიის კითხვებს არ პასუხობს. ის ერთ-ერთ ოთახში ჩაიკეტა, მისი თანამშრომლები კი "პირველების" გადამღებ ჯგუფს ადგილზე მუშაობაში ხელს უშლიდნენ. კომპანიის თანამშრომლების ნაწილი კი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ადასტურებს. მათი თქმით, ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნას ტენდერი ბოლო სამი წელია, არ მოუგია, ამიტომ ახლა ჩნდება კითხვა, კონკრეტულად რომელ პერიოდზე აქვს გამოძიებას შეკითხვები. 

ვაგონსარემონტო ქარხნის აქციების ნახევარი, 50% თბილისის სატრსნსპორტო კომპანიას ეკუთვნის, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია. 

ოფიციალური ინფორმაციით,  გელა ძიძიკაშვილი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი შემომწირველია. მას მმართველი პარტიისთვის 40 000 ლარი აქვს შეწირული.