პროევროპული აქციების მონაწილეების ნაწილს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

05.02.26 13:23
პროევროპული აქციების  მონაწილეების ნაწილს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეებს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს - მიზეზი გადაუხდელი ჯარიმებია, რომლის შესახებაც მათი თქმით არ იცოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეების ნაწილს 5000-ლარიანი ჯარიმები აქციაზე საავტომობილო გზის გადაკეტვის საბაბით გასული წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში გამოუწერა.

მსახიობი და აქტივისტი, საბა ჯაფარიძე განმარტავს, რომ მისი ჯარიმა გასაჩივრებულია და მიმდინარე სტატუსი აქვს, თუმცა დილით ყადაღის შესახებ შეტყობინება მიიღო. 

დილით დამხვდა ასევ თქვათ ყადაღის შეტყობინება. საქმე შეეხება 2025 წლის თებერვალში გზის გადაკეტვის 5 000-ლარიან ჯარიმას, რომელიც ხაზგასმით ვიტყვი, რომ გასაჩივრებულია, მიმაგრებულია კონკრეტულ მოსამართლეზე, ანუ სტატუსი აქვს მიმდინარე. ყველაზე წინააღმდეგობრივი ხალხი ვინც არის და ვინც ხმას იმაღლებს მათ წინაშე, მაგ სეგმენტს უმიზნებენ, რომ ყველაზე მოწყვლადებად გვაქციონ ისედაც გაჭირვებულ ქვეყანაში. 

მათ აქვთ ხელთ ძალიან ბევრი რესურსიც და ხელსაწყოც იმისთვის, რომ დარჩნენ სრულად სიმუნჯეში და სიყრუეში ქართველი მოსახლეობის მხრიდან, ხოლო ვინც ამ სიყრუეში ცდილობს მეტი და მეტი ხმა გააგონოს მაგ ადამიანებს კიდე პირდაპირ სამიზნეში ამოიღებენ," - ამბობს საბა ჯაფარიძე. 

სამოქალაქო აქტივისტის, ელენე ბერიკაშილის თქმით, მისი ჯარიმა ისე გადაიტანეს სასამართლოში და განიხილეს, რომ მისთვის არაფერი უთქვამთ. 

ეს ჯარიმები არის შარშან თებერვლის ჯარიმა, რომელიც იყო ჯერ შსს-ში გასაჩივრებული და მერე ეს ყველა პროცედურა გავლილი გვაქვს. ეს ჯარიმები ისე გადაიტანეს სასამართლოში და ისე ჩანიშნეს სხდომა და განიხილეს, რომ არ ვიცოდით, რომ ეს სხდომა არსებობდა. ადვოკატს მიზეზი უთხრეს, რომ ვურეკავდით და არ გვიპასუხაო, ბევრჯერ ვცადეთო - არცერთი გამოტოვებული ზარი არ არის. 

ამ ადამიანებში არის ჩემი ძმაც, რომელიც ასევე დააყადაღეს, მასაც შარშან თებერვლის ჯარიმა აქვს. 

რაც არ უნდა გააკეთონ მაინც გავაგრძელებ იგივეს გაკეთებას," - თქვა ელენე ბერიკაშვილმა. 

აქტივისტი, მარიკო ცომაია აცხადებს, რომ ეს "ქართული ოცნების" მორიგი დაშინების ტალღაა" - "თან შეიძლება ბიუჯეტში ცოტა ფულიც მოაკლდათ".

მერამდენედ აკეთებენ, რომ უცებ აყადაღებენ ხალხს ისე, რომ საერთოდ ვერ ხვდებიან საიდან მოვიდა ეს ყადაღა. ბევრი შემთხვევა ჰქონიათ ჩემ მეგობრებს საერთოდ ჯარიმის შესახებ არ იცოდნენ, ის კი არა რომ დადგენილება არ ჩააბარეს. მორიგი დაშინების ტალღა არის, თან შეიძლება ბიუჯეტში ცოტა ფულიც მოაკლდათ და ავსებენ. ეს არაფერს არ ცვლის, ისევ გააკეთებენ 1-2 თვეში ამას, შეავსებენ ბიუჯეტს, ეგონებათ, რომ ხალხი შეშინდა, გარეთ არ გამოვა და თავის მიზანს ისევ ვერ მიაღწევენ," - განაცხადა მარიკო ცომაიამ.